როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? კლინიკა „ვივამედის“ განმარტება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2022
გამოწერა
გასულ კვირაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სააკაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის ნიმუშები აიღეს.
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება წონის კლება და სისუსტე, განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.
ყოფილი პრეზიდენტი 12 მაისიდან სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შიმშილობის შემდეგ დაეწყო, რომელიც 50 დღე გრძელდებოდა.

„გუშინ სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული იყო ექიმთა ჯგუფის, კონსილიუმის ვიზიტი (სააკაშვილთან). ექიმთა ჯგუფის მიერ კიდევ ერთხელ შეფასდა მსჯავრდებულის მდგომარეობა. რა თქმა უნდა, პაციენტს აღენიშნება წონაში კლება, სისუსტე და მოძრაობის შეზღუდვა“, – განაცხადა ჩხაიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, მას დეზინტოქსიკაციურ თერაპიასთან დაკავშირებით რაიმეს თქმა არ შეუძლია.
„ამისთვის ტოქსიკოლოგის დასკვნა უნდა არსებობდეს, ჩვენთან კი დასკვნა არ არის წარმოდგენილი. თუმცა, ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით ჩვენ ანალიზები გავაკეთეთ, ასევე სააკაშვილს ჩვენმა ტოქსიკოლოგმა კონსულტაცია ჩაუტარა. თუ გვკითხავენ ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ჩვენ მის სტატუსს ობიექტურად შევავსებთ. ყველა მონაცემი ობიექტური იქნება“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა ადრე განაცხადა, რომ თმის ტოქსიკოლოგიურმა ექსპერტიზამ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე ლითონები გამოავლინა, რომლებიც ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი შეიძლება იყოს. თავად სააკაშვილმა მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ განცხადებებს სპეკულაცია უწოდა.
გასულ კვირაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სააკაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის ნიმუშები აიღეს.
სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი დაცვის ქვეშ მყოფის სხვა კლინიკაში გადაყვანა არ გამორიცხა.
1 დეკემბერს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით მიმართა.
სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა - ადვოკატი>>>
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
1 დეკემბერს ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. 194-გვერდიან დოკუმენტზე ათი ქართველი და ექვსი უცხოელი სპეციალისტი მუშაობდა.
ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ექს-პრეზიდენტს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები, დაკავშირებული ნეიროფსიქიკურ, გასტრო-ენტეროლოგიურ, ასევე საყრდენ-მამოძრავებელ სისტემებთან. აგრეთვე პრობლემები მხედველობის მხრივ, დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების, ძვლების ტკივილი.
ჯიშკარიანის თქმით, სააკაშვილს მთელ სხეულზე აღენიშნება ნაკაწრები – ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგს.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0