თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს უფრო მეტი ლიდერული თვისებები აღმოაჩნდა, ვიდრე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ის, რაც ახლა ხდება ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, რომლის დამფუძნებელიც სააკაშვილია, დაკავშირებულია იმასთან, რომ ექს-პრეზიდენტმა ლოდერობა დაკარგა.
„როგორც ის (სააკაშვილი) მოიქცა საზღვარზე შემოსვლის დროს, ასე ლიდერები არ ბრუნდებიან ქვეყანაში, და როგორც ის იქცევა პატიმრობაში, ასე არ იქცევიან ლიდერები. მერაბიშვილს აღმოაჩნდა უფრო მეტი ლიდერული თვისებები, ვიდრე სააკაშვილს“, – განაცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.
ექს-პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააპატიმრეს, მას ბრალი ექვს გახმაურებულ საქმეზე წარედგინა. მერაბიშვილმა პენიტენციური დაწესებულება 2020 წლის მაისში დატოვა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა და თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს-პრეზიდენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ დაეწყო. იგი 12 მაისიდან სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
თალაკვაძის თქმით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარეობს კლანებს შორის სააკაშვილის „მემკვიდრეობის გადანაწილების“ პროცესი.
„ეს არის სააკაშვილის ელექტორატი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს. საინტერესოა ვინ წაიღებს ამ ელექტორატს. ეს არის შავი ფული, რასთან დაკავშირებითაც თავად განაცხადეს და ჩვენ გავიგეთ ის, რასაც ვეჭვობდით, რომ შავი ფულით ფინანსდება პარტია. ახლა მიდის ტელევიზიების და თანამდებობების გადანაწილების პროცესი. ეს არის, რასაც დღეს თვალს ვადევნებთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო პერიოდში ვნებათაღელვა არ ცხრება. მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებსა და „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. მეორე დაჯგუფებას მხარი ღიად დაუჭირა ვანო მერაბიშვილმა, რომელმაც რამდენიმეწლიანი დუმილის შემდეგ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.
„მელიამ, ხაბეიშვილმა, ყველა დაპირისპირებულმა კლანმა იცის, რომ სააკაშვილს ჯერ კიდევ ჰყავს მიმდევრები „ნაცმოძრაობის“ შიგნით და ახლა მიდის ბრძოლა იმაზე, თუ ვინ მოიგებს ამ მხარდამჭერების გულებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, სააკაშვილის ოჯახის წევრებიც კი კრიტიკულად არიან განწყობილი იმ ინიციატივებისა და განცხადებების მიმართ, რასაც ხაბეიშვილი და მელია აკეთებენ.
განხეთქილების ნიშნები
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ამავდროულად, ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ორ ბანაკს შორის ბრძოლა უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.