მარიამ ქვრივიშვილი: დამატებითი თანხების გამოყოფა ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს

ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გააძლიერებს მცირე და საშუალო ბიზნესს რეგიონებში, მიაჩნიათ ეკონომიკის სამინისტროში.
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფა ხელს შეუწყობს ტურიზმის აღდგენის პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2023 წელს ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამაზე 200 მლნ ლარი გამოიყოფა.

„პირველ რიგში, ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის დინამიკას, გააძლიერებს დარგს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გააძლიერებს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესებს“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, დამატებითი თანხების გამოყოფის შედეგად უცხოელებისთვის ახალი ტურისტული პროდუქტების შეთავაზების შესაძლებლობა გაჩნდება.

ვითარება ტურიზმის სფეროში

ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. ტურიზმის აღორძინება 2021 წელს დაიწყო – 1 თებერვლიდან გაიხსნა საჰაერო სივრცე, 1 ივნისიდან – სახმელეთო საზღვრები.
არსებული სტატისტიკით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2022 წლის იანვარი–ოქტომბერში 188,5%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 4,4 მლნ შეადგინა. საქართველომ 2022 წლის 10 თვეში 2019 წლის მაჩვენებელი 54,8%-ით აღადგინა.
ეროვნული ბანკი: საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 3 მლრდ დოლარს მიუახლოვდა >>
საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 2022 წლის 10 თვეში 2,8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 184,4%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გარდა ამისა, შემოსავლებმა 2022 წლის 10 თვეში 5,7%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების პიკი იყო.
საქართველოს რეკორდული წარმატება ჰქონდა 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მაგრამ პანდემიის გამო ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რიცხვი ხუთჯერ გაიზარდა >>
2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, ხოლო ტურიზმის შემოსავლებმა 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.