თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ერთ-ერთ მსხვილ სააფთიაქო ქსელ PSP-ს მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის გამო უსაყვედურა.
მისი თქმით, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ როდესაც მომხმარებელი შედის აღნიშნულ სააფთიაქო ქსელში და გარკვეული მედიკამენტის ყიდვა სურს, მას კითხვას უსვამენ კონკრეტულად რომელი მედიკამენტი სურს – ხარისხიანი და ძვირიანი, თუ თურქული და უხარისხო.
„ამას რა ჰქვია, თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა? ეს არის პირდაპირი მტრობა! როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი უმსგავსობა ჩაიდინოს და მომხმარებელი შეიყვანოს შეცდომაში?! ძალიან ბევრი პენსიონერი და გაჭირვებული ადამიანი ყიდულობს წამალს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგი უკვე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსგავსი ფაქტის გამეორების შემთხვევაში რეაგირება იქნება მკაცრი.
„ეს კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველომ თურქული მედიკამენტებისთვის ფარმაცევტული ბაზარი მიმდინარე წლის დასაწყისში გახსნა. იანვრის შუა რიცხვებიდან დაწყებული, მეზობელი ქვეყნიდან 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შემოტანა დაიწყო.
ღარიბაშვილის თქმით, მაშინ ბევრი ადამიანი სკეპტიკურად იყო განწყობილი და არ სჯეროდა აღნიშნული რეფორმის წარმატების. მას აკრიტიკებდა ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის მფლობელიც. აღნიშნული პროგრამა გახდა დიდი დარტყმა ფარმაცევტული ბიზნესისთვის, რამდენადაც მოსახლეობას ამ კონკრეტული რეფორმის წყალობით შეუძლია წელიწადში 200 მლნ ლარი დაზოგოს.
ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში მაღალი ხარისხის თურქული მედიკამენტები და კონკურენცია გაჩნდა. შედეგად – მედიკამენტები საგრძნობლად გაიაფდა. პრემიერმა მაგალითი მოიყვანა და გაიხსენა, რომ ზოგიერთი მედიკამენტი 200-300 ლარი ღირდა, პროგრამის დაწყებისთანავე კი ისინი 30–50 ლარამდე გაიაფდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პარლამენტში შესულია კანონპროექტი, რომელიც მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის დაწესებას ითვალისწინებს. ახალი რეფორმის დახმარებით წამლებზე ფასები კიდევ 40%-ით დაიკლებს. აღნიშნული პრაქტიკა მთავრობამ ევროპული ქვეყნებიდან გადმოიღო, დასძინა პრემიერმა.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანაში შემოდიოდეს და ასევე იწარმოებოდეს ხარისხიანი მედიკამენტები, მაგრამ მათი ფასი უნდა იყოს რაციონალური და გონივრული. არ შეიძლება წამლის 200-300%-იანი მოგებით გაყიდვა. აი, ეს პროცესი შევაჩერეთ ამ ერთ წელში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, წელს მოსახლეობამ მედიკამენტებზე უკვე 80 მილიონ ლარამდე დაზოგა, მომავალ წელს კი აღნიშნული რიცხვი 200 მლნ ლარს მიაღწევს. საქართველოში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები 2023 წლიდან ამოქმედდება.
ცვლილება შედის საქართველოს კანონში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონებში. სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია.
რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფაა. წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება საშუალოდ 40%-ით გააიაფებს წამლების ღირებულებას.
ახალი წესებით აფთიაქებს მოეთხოვებათ ინფორმაციის ონლაინ წარდგენა. ჯანდაცვის სამინისტროს კი ექნება წვდომა მათ მონაცემთა ბაზებზე, რაც უწყების სპეციალისტებს მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგის საშუალებას მისცემს.
2021 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზარი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის მედიკამენტებზე ფასების რეგულირებას.
ფარმაცევტული სფეროს სამოქმედო გეგმა ჯანდაცვის სამინისტრომ კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების, ჯანმოს კვლევების შედეგების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების დახმარებით და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავა.