„ესაა ბრძოლა ძალაუფლების და ფულის გადანაწილებისთვის“ - დეპუტატი „ნაცმოძრაობაში" ვითარებაზე

პარტიის შიგნით ემატებიან სუბიექტები, რომელთა ჩანერგვასაც ოლიგარქები ცდილობენ, მიიჩნევს პარლამენტის დეპუტატი.
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ბრძოლა ძალაუფლებისა და ფულადი სახსრების გადანაწილებისთვის, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ ანრი ოხანაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებსა და რადიკალური ნაბიჯების მომხრე „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. ხაბეიშვილი და მელია პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძვიან.

„ეს ხალხი იბრძვის ძალაუფლების გადანაწილებისთვის. როგორც ჩანს, პარტიის შიგნით ბრძოლას ემატებიან სუბიექტები, რომელთა პარტიაში შეყვანასაც ოლიგარქები ცდილობენ. ეს არის პროცესი არა პარტიული კულტურის განვითარების, არამედ ძალაუფლების გადანაწილებისთვის — რომელი ჯგუფი რომელი ოლიგარქის მიერ როგორ დაფინანსებას მიიღებს. ბრძოლა მიმდინარეობს ფულადი სახსრების გადანაწილებისთვის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ბანაკში ღიად საუბრობენ მესამე პირთა გავლენებზე. აქ გამოჩენილ სახელებს შორის აღმოჩნდნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ეს უკანასკნელი არ მალავს, რომ მხარს უჭერს ხაბეიშვილს. მან ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გააკეთა პოლიტიკური განცხადება.
დეპუტატი: „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურ კარიერას მძიმედ დაასრულებს>>
„ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სახეების გამოჩენამ შეაშფოთა ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც სხვადასხვა საკითხში თანამშრომლობენ ამ პარტიასთან, მათ ამის გამო თანამშრომლობის გაწყვეტაც არ გამორიცხეს.
განხეთქილების ნიშნები
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში“: ლევან ხაბეიშვილი კომპრომისისთვის მზადაა>>
„ერთიანმა ნაციონალურმამოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორ ბანაკს შორის ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს