პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის ეკოლოგიის მინისტრს შეხვდა: რაზე ისაუბრეს პოლიტიკოსებმა

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ეკონომიკური მიმართულებით.
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ მუხტარ ბაბაევთან გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილა.
შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მხარეებმა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
ღარიბაშვილის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ორ ქვეყანას შორის გამორჩეულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს.
საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობას. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო და აზერბაიჯანი საიმედო სატრანზიტო პარტნიორები არიან, ხოლო ერთობლივი სატრანსპორტო დერეფანი სანდო სადისტრიბუციო არხებზე და გლობალურ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას იძლევა.
ბაქოში საქართველოს და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე აღნიშნეს>>>
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების სრული დატვირთვით ფუნქციონირებისა და საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკისა და სხვა სფეროებში.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–სექტემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,3%-ით გაიზარდა და 959,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.