ბაქოში საქართველოს და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე აღნიშნეს

© AFP 2024 / GIUSEPPE CACACE ბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2022
გამოწერა
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავად ბაქოში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა, იუწყება საქართველოს საგარეო სამინისტრო.
საზეიმო მიღებაზე, რომელიც ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების იუბილეს მიეძღვნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ.
ქართველმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მიღწეულ წარმატებებსა და დასახულ მიზნებზე. მან ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ბოლო ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტმა დადებითი იმპულსი მისცა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ჭრილში.
გარდა ამისა, ჰეიდარ ალიევის სასახლეში გაიმართა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „ერისიონის“ გალა-კონცერტი, რომელსაც დაახლოებით 1.700 ადამიანი დაესწრო.
დამსწრეთა შორის იყვნენ როგორც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, აზერბაიჯანის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნეს-წრეების, კულტურის სფეროს, მასმედიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ისე რიგითი მოქალაქეები.
კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა, მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია და დიდი გამოხმაურება ჰპოვა აზერბაიჯანულ მედიაში.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკისა და სხვა სფეროებში.
საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთის გაზის დერეფანი და ა.შ.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–სექტემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,3%-ით გაიზარდა და 959,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0