ქალების უსაფრთხოება, როგორც პრიორიტეტი - შსს გლობალურ კამპანიას შეუერთდა

შსს-ს მონაცემებით, 2020 წელს მოკლეს 22 ქალი, 2021 წელს – 18, ხოლო 2022 წლის რვა თვეში – 13.
Sputnik
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. პირები, რომლებიც ქალებზე ძალადობენ, მკაცრად უნდა დაისაჯონ კანონით, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
ქალებზე ძალადობის პრობლემა საქართველოში კვლავ მწვავედ დგას. მხოლოდ ბოლო დღეებში ქალებზე ფიზიკური ძალადობის რამდენიმე შემთხვევა გახდა ცნობილი. გუშინ მოსახლეობა შოკში ჩააგდო ინფორმაციამ, რომ თერჯოლაში მამაკაცმა ყოფილ ცოლს მაღაზიაში ცეცხლი წაუკიდა და ცოცხლად დაწვა.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ... ძალადობის შემთხვევები თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს, რომ ყველა მოძალადემ, ვინც ჩაიდენს მსგავს ქმედებას, კანონის წინაშე უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი“, – განაცხადა დარახველიძემ.

მისი თქმით, ბრძოლა ქალების მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის, ქალების მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქალების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული გენდერული ნიშნით, ძალადობა ოჯახში, ეს გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს მრავალი განვითარებული ქვეყნისთვის.
„ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც პოლიციას სჭირდება საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა ამ დანაშაულთან ბრძოლაში, დუმილი ამ ტიპის დანაშაულის ყველაზე დიდი წამახალისებელი ფაქტორია, ძალადობასთან წარმატებით საბრძოლველად უფრო მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ თუ იძალადებს, მკაცრად დაისჯება“, – განაცხადა დარახველიძემ.
მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის ფაქტების დროული გამოვლენა.
საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია იწყება>>
მისი თქმით, ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ თუ დამალავენ დანაშაულს, ამაზე თვალებს დახუჭავენ, ისინი დამნაშავის მომხრე გახდებიან. ყველამ უნდა გაიაზროს და იცოდეს, რომ მათ შეუძლიათ მოძალადის შეჩერება.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა მიმართულებით გააგრძელებს ღონისძიების გატარებას, რათა მივიღოთ მეტი ნდობა, მეტი მომართვიანობა, გამოვიწვიოთ ამ თემაზე საზოგადოების სიფხიზლე და ერთად შევძლოთ მეტი ქალის დაცვა“, – განაცხადა დარახველიძემ.
საქართველოს მთავრობა შეუერთდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას, რომელიც მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება. მას აღნიშნავენ 187 ქვეყანაში და 5 ათასზე მეტ ორგანიზაციაში.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1999 წლის 17 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე მიღებული რეზოლუციით 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღე ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ისახავს მიზნად.
კამპანია 10 დეკემბრამდე, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღემდე გაგრძელდება.
საქართველოში 2014-2022 წლებში 186 ქალი მოკლეს. ამავე პერიოდში ჩადენილია 129 ქალის მკვლელობის მცდელობა. პროკურატურის მონაცემებით, ფემიციდის პიკი 2014 წელს იყო, როდესაც ერთ წელიწადში 33 ქალი მოკლეს.
ძალადობა ქალების მიმართ: „საქსტატის“ კვლევა დაიწყო>>
კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ ქალთა მკვლელობების რიცხვმა კლება დაიწყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ და კარანტინმა მკვლელობების ახალი მატება გამოიწვია, აღნიშნავს საქართველოს პროკურატურა.
უწყების ცნობით, 2020 წელს 22 ქალი დაიღუპა, 2021 წელს – 18, ხოლო 2022 წლის რვა თვეში 13 ქალი მოკლეს. ამასთან, პროკურატურის მონაცემებით, ქალების მხოლოდ ნახევარს კლავენ ოჯახის წევრები.
2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს