თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. ეს არის გადაჭარბებული, მეტაფორული შეფასება - აქ სერიოზულ კრიტიკაზე საუბარი არ შეიძლება, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ხელაშვილმა.
ასეთი კომენტარი გააკეტა ხელაშვილმა ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებაზე, რომელმაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა და საქართველოს მიმართ სტრატეგიის გადახედვა მოითხოვა.
„სრულიად შეუძლებელია დაეთანხმო სენატორს იმაში, რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა... ეს არის გადამეტებული, მეტაფორული შეფასება იმისა, რასაც ჩვენ კრიტიკის სახით ვისმენთ ხოლმე ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. არა მგონია, აქ რაიმე სერიოზულ კრიტიკაზე იყოს საუბარი - ეს არის შეფასებები სენატორების მხრიდან, რომელიც პერიოდულად გვესმის ხოლმე“, - განაცხადა ხელაშვილმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
პოლიტიკოსის თქმით, ეს დაკავშირებულია „იმ ძალიან ცუდ იმიჯთან და ცუდ ოპტიკასთან“, რაც საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიქმნა.
„ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, დააზიანოს საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ აქ არის სრული არეულობა, ერთმანეთის წარმოუდგენელი ზიზღი“, - განაცხადა ხელაშვილმა.
ამავე დროს, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ყველას, ვინც იცნობს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ძალიან კარგად ესმის, რომ, რეალურად, ქვეყანა მეტ-ნაკლებად ვითარდება, აქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდა და საქართველო ახერხებს სტაბილურობის შენარჩუნებას ძალიან ცვალებად და საშიშ გარემოში.
სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ საქართველოს უზარმაზარი რეგრესი აქვს.
„მე დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა საბიუჯეტო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში, რომ შესაძლოა, ამის გაკეთება კარგი (ნაბიჯი) არ ყოფილიყო, მაგრამ, ვფიქრობ, შესაძლოა, უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა შაჰინმა.
მისი თქმით, აშშ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს. ვფიქრობ, ამ დახმარების ნაწილი უნდა იყოს საქართველოს ქცევაზე დამოკიდებული, აღნიშნა მან. სენატორმა დასძინა, რომ ხალხმა მთავრობისგან მეტი პასუხისმგებლობა უნდა მოითხოვოს.