„ნაცმოძრაობა“ პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა დატოვა

დათუკიშვილმა პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევნების ინიცირებას მასკარადი უწოდა
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ და პოლიტსაბჭოს წევრმა მარიკა დათუკიშვილმა პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა.
„ნაცმოძრაობაში“ ბოლო დღეებში ვნებათაღელვა არ ცხრება. მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის - ამჟამინდელი ლიდერის, ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებსა და „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგას. ოთხშაბათს ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კენჭს იყრის.
„რადგან ახლა ვნახე, რომ დასახელდა პირი, რომლის ღირებულებები, წარსული საქმიანობა, პარტიიდან წასვლა და პარტიაში დაბრუნება-გამოვაჭრება, ყალბი პათოსი, მატერიალური და არამატერიალური სიხარბე, განათლების დეფიციტი, და კიდევ უამრავი თვისება, რომელიც პოლიტიკაში მყოფ პირს არ უნდა ჰქონდეს, არა თუ პარტიის ლიდერს, კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის“, - დაწერა დათუკიშვილმა სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ხაბეიშვილი ენმ-ის თავმჯდომარის ერთ-ერთი კანდიდატი გახდა.
დათუკიშვილმა აღნიშნა, რომ მზად არის წარადგინოს ფაქტები მის მიერ ჩამოთვლილ თითოეულ ბრალდებაზე.
„ვტოვებ პარტია ენმ-ს, ვტოვებ ენმ პოლიტსაბჭოს, ვტოვებ ენმ-ის ქალთა ორგანიზაციის თბილისის თავმჯდომარის პოზიციას, ვტოვებ ენმ-ის ქალთა ორგანიზაციის საბჭოს“, - დაწერა დათუკიშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ რეალურად ბრძოლა მიმდინარეობს არა პარტიისა და მისი გაძლიერებისთვის, არამედ გავლენის მოპოვებისთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომლებიც სრულად პროპორციული სისტემით გაიმართება.
„ქართული ოცნება“: „ნაცმოძრაობა“ ბრძოლის უფრო აგრესიულ მეთოდებს ირჩევს >>
„რეალურად კი ეს მასკარადი უკავშირდება გავლენის მოპოვებას - ვინ დაწერს 2024-ში სიებს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მიშა თავის თავს თვითონ გამოიხსნის, ყალბი გულშემატკივრების დახმარების გარეშე“, - დასასრულს აღნიშნა დათუკიშვილმა.
ბოლო დროს „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება სულ უფრო იზრდება. პარტიის ლიდერთა ნაწილი ღიად აკრიტიკებს პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას, მიანიშნებს მის დაბალ ლეგიტიმაციაზე და დაჟინებით მოითხოვს შიდა არჩევნების ჩატარებას.

განხეთქილების ნიშნები

მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
საქართველოს პარლამენტს ერთი ოპოზიციონერით ნაკლები ეყოლება >>
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.