თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნენსკრაჰესის“ მშენებლობის დასრულების დაჩქარების მნიშვნელობა განიხილა კორეული კომპანია K-Water-ის (პროექტის ინვესტორი) აღმასრულებელ დირექტორთან პაკ ჯე ჰენთან, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
280 მგვტ სიმძლავრის „ნენსკრაჰესის“ მშენებლობა მდინარე ენგურის შენაკადზე მიმდინარეობს. ყოველწიურად მან 1,2 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ საქართველო ზამთრის პერიოდში გარანტირებული ენერგომომარაგების მიღებას, ხოლო ზაფხულში ელექტროენერგიის გაყიდვას შეძლებს. პროექტის ჯამური ღირებულებაა 1,5 მლრდ აშშ დოლარი.
ღარიბაშვილის თქმით, „ნენსკრაჰესი” მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დაჩქარდეს ჰესის მშენებლობა და პროექტი დროულად დასრულდეს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა მდგრადი და განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას.
გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა ინვესტორებს, რომ საქართველოს მთავრობა მათ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს სთავაზობს.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დიდი ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს მონაწილეობა.
ჰესის მშენებლობის შესახებ პირველად 2012 წელს განაცხადეს. მაშინ ჰესი ჩინურ კომპანია Sinohydro-ს უნდა აეშენებინა. მოგვიანებით ჩინური კომპანია სამხრეთკორეულმა K-Water-მა შეცვალა, რომელთანაც სს „საპარტნიორო ფონდმა“ 2014 წელს შესაბამისი შეთანხმება გააფორმა.
კორეული კომპანია K-Water 20 მლრდ აშშ აშშ დოლარის ოდენობის აქტივებს ფლობს. მისი წლიური ბრუნვა 1,7 მლრდ აშშ დოლარია. შექმნის მომენტიდან, 1967 წლიდან K-Water სამხრეთ კორეის წყლის რესურსებისა და ელექტროენერგიით მომარაგების სფეროებს მართავს. კომპანიის მფლობელობაშია კაშხლები, წყალმომარაგების სისტემები. ის ასევე ახორციელებს მსხვილ საერთაშორისო პროექტებს — სამხრეთ კორეის გარდა მუშაობს კოლუმბიაში, ინდოეთში, ავღანეთში, ჩინეთსა და პაკისტანში.