თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა უარყო მმართველი პარტიის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ, მათი ინფორმაციით, „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელის პოსტს სწორედ პეტრე ცისკარიშვილი დაიკავებს, როგორც ოპოზიციის მთავარი ფინანსისტის, ბიზნესმენ დავით კეზერაშვილის კადრი.
„მე არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ადამიანები გამოჩნდებიან. მე სხვა ადამიანებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ, თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს, პარტიის თავმჯდომარისა და სამდივნოს გადარჩევას გეგმავს. პირველმა ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერთა ნაწილმა განაცხადა, რომლებმაც პარტიის განახლება მოითხოვეს. ამის შემდეგ ინფორმაცია დაადასტურა მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
ოპოზიციის ლიდერები არ მალავენ, რომ პარტიის განახლება პირველ რიგში თავად მელიას შეეხება, რომელიც პარტიის თავმჯდომარე 2020 წლის დეკემბერში გახდა. მაშინ პარტიამ მიიღო პოლიტსაბჭოს 88 ადამიანამდე გაფართოების გადაწყვეტილება.
კულუარული ინფორმაციის გავრცელება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ უთანხმოებების შესახებ ჯერ კიდევ 2021 წელს, საქართველოში „ნაცმოძრაობის“ დამფუძნებლის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო. დაპირისპირებული მხარეები ღია დაპირისპირებაზე უკვე 2022 წლის შემოდგომაზე გადავიდნენ.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი პოზიციების დაკარგვა დაიწყო. ბოლო გამოკითხვებით, მისი მხარდაჭერა 7-დან 12 პროცენტამდე მერყეობს. 2022 წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 9-15% იყო.