თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდაზე გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი და არა მხოლოდ მიგრანტების ეფექტი მოთხოვნის ზრდის ნაწილში, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
ამის შესახებ ხუციშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, როცა საქართველოს მშპ-ის ზრდის დადებით სტატისტიკაზე რუსეთიდან და ბელარუსიდან ჩამოსული მიგრანტების რიცხვის ზრდის გავლენასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის და მაღალი ეკონომიკური აქტივობის მიგრანტების კონტექსტში გადათარგმნა, რბილად რომ ვთქვათ, არის შეცდომა... ძალიან ბევრი სხვა ფაქტორია, რაც საქართველოში მიმდინარე წელს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს და რომელიც კავშირში არანაირად არ არის მიგრაციასთან“, – განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენას გარკვეულწილად ყველა ფაქტორი ახდენს: ექსპორტის, ტურიზმის, საერთაშორისო გადაზიდვების, საერთო მოთხოვნილების ზრდა.
„მაგალითად, ისეთი ფაქტორები, როგორიც არის ტურიზმის აღდგენა, სადაც წელს, ფაქტობრივად, 100%-იანი აღდგენა გვაქვს. ტურიზმის აღდგენის სტატისტიკა არის არა მხოლოდ რუსეთიდან და ბელარუსიდან, არამედ პრაქტიკულად ძალიან ბევრი ქვეყნიდან“, – განაცხადა მინისტრმა.
ეკონომიკის ზრდაზე მოქმედ მნიშვნელოვან ფაქტორებს შორის მინისტრმა ასევე ექსპორტის მონაცემები დაასახელა. მისი თქმით, მიმდინარე წელს ექსპორტი დაგეგმილთან შედარებით უფრო სწრაფად იზრდება და ეს ზრდა 37%-ზე მეტს შედგენს.
საქართველოს ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს – 2022 წლის სექტემბერში მშპ-ის რეალური ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ს შეადგენდა, ხოლო წლის დასაწყისიდან ცხრა თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10,2%-ს შეადგენს.