თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უახლოეს მომავალში პარლამენტის დატოვებას არ აპირებს, ამისათვის გარკვეული გარემოებები უნდა შეიქმნას, განაცხადა პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან.
„ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში 28 დეპუტატი ჰყავს. იგი იყო ბოლო ოპოზიციური პარტია, რომელიც 2021 წლის პოლიტიკური კრიზისის შემდეგ პარლამენტში შესვლას დათანხმდა. კრიზისი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როცა ოპოზიციამ მათი გაყალბება გამოაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ უარი საპარლამენტო საქმიანობაზე უნდა უკავშირდებოდეს კონკრეტული მიზნის მიღწევას. ახლა ასეთი მოცემულობაა“, – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, პარტია ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ გარკვეულ გარემოებებში მიიღებს.
„თუ დავინახავთ, რომ პარლამენტიდან დეპუტატების გასვლა არის ეფექტური ნაბიჯი მიზანთან მიახლოებისკენ, მაშინ, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ ნაბიჯს გადადგამს, მაგრამ მხოლოდ კონკრეტულ მომენტში და კონკრეტულ ვითარებაში“, – აღნიშნა მელიამ.
ოპოზიციის პარლამენტიდან გასვლის აუცილებლობის თაობაზე ამ დღეებში პირველმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელმაც მცირე პარტიებთან – „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ – გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო.
ვაშაძე შეუძლებლად მიიჩნევს პარლამენტში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მუშაობას.
„ჩვენ შინაგანად და ყველანაირად მზად ვართ – პარლამენტი დავტოვოთ და ამ სცენარს განვიხილავთ“, – განაცხადა ვაშაძემ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით.
ვაშაძის იდეა არ მოსწონს ოპოზიციურ პარტიას „ლელო საქართველოსთვის“.
„დასავლეთმა მხარი არ დაუჭირა და არც დაუჭერს პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილებას. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია და ეს არის რეალობა, რომელშიც ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მე ვერ ვხედავ რაიმე არგუმენტს იმის სასარგებლოდ, რომ პარლამენტში ყოფნა ხელს უშლის ეფექტურ ბრძოლას სხვა ფრონტებზე“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშილმა.
საკანონმდებლო ორგანოში „სტრატეგია აღმაშენებელს“ ორი დეპუტატი ჰყავს.
დღეისათვის „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში მხოლოდ 75 დეპუტატი ჰყავს, მაგრამ მოკავშირეებთან ერთად იგი წარმოადგენს უმრავლესობას პარლამენტში. მიუხედავად ამისა, ხმების ეს რაოდენობა საკმარისი არ არის საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად, რისთვისაც დეპუტატების ხმების 2/3-ია საჭირო. ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობას დამოუკიდებელი და ოპოზიციური დეპუტატების მხარდაჭერა სჭირდება.