თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თურქულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Pegasus-მა ანკარა–თბილისი–ანკარის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო, იუწყება კომპანია TAV Georgia, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
თურქული ავიაკომპანიის მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რეისები შესრულდება ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, 2023 წლის მარტის ბოლომდე.
სააგენტომ ავიაგადამზიდავს ფრენების ნებართვა 19 ოქტომბერს მისცა.
Pegasus უკვე ასრულებს 17 რეისს კვირაში თბილისის აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით.
გარდა ამისა, ლოუკოსტერი ანტალიაში რეგულარული რეისების გაგრძელებას აპირებს ზამთრის სეზონზე და ფრენებს კვირაში ორჯერ – ოთხშაბათობითა და შაბათობით გეგმავს.
TAV Georgia-ს ინფორმაციით, რეისებს ანკარასა და თბილისს შორის 2019-2020 წლებში Turkish Airlines ასრულებდა, მაგრამ რეისები ვერ გაგრძელდა კორონავირუსის პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო.
ავიაკომპანია Turkish Airlines მგზავრთა გადაყვანის მხრივ ქართულ ავიაბაზარზე 2021 წელს ლიდერი გახდა. Pegasus Airlines-მა მეოთხე ადგილი დაიკავა.