თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. უნგრეთი დიდ ენერგეტიკულ ინიციატივებზე მუშაობს, რომლებიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის იმპორტს აზერბაიჯანიდან საქართველოსა და რუმინეთის გავლით, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქართველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
ორბანმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ძალიან არის დამოკიდებული ბუნებრივი გაზის იმპორტზე, რომლის ღირებულება უკრაინაში მოვლენების ფონზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ძალიან გაძვირდა. ენერგეტიკული კრიზისის გადასალახად უნგრეთი ამ მიმართულებით ახალ ინიციატივებს ამუშავებს.
„გვინდა ახალი, ელექტროენერგიის გადამცემი მძლავრი ხაზები გვქონდეს და აზერბაიჯანიდან მივიღოთ ელექტროენერგია საქართველოს გავლით, რუმინეთის გავლით. ამ ინიციატივით ჩვენ დავზოგავთ ძალიან ბევრ ბუნებრივ აირს, რომელსაც ამჟამად ვიყენებთ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის“, – განაცხადა ორბანმა.
მისი თქმით, ელექტროენერგიის იმპორტის შემთხვევაში ქვეყანა ბუნებრივი აირის იმპორტს შეამცირებს.
„ძალიან გამიხარდა, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი ემხრობა ამ ინიციატივას და ეს საკითხი ძალიან პრინციპული მნიშვნელობის არის უნგრეთისთვის. გვაქვს სურვილი, რომ ენერგეტიკული კრიზისი, ასევე მაღალი ფასებით გამოწვეული კრიზისი დავძლიოთ. ძალიან ბევრი რამე შეიძლება გაკეთდეს ევროკავშირის გარედან ელექტრორესურსების მიღების კუთხით“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
ორბანმა აღნიშნა, რომ შორეული ქვეყნებიდან ენერგორესურსების დიდი მოცულობის იმპორტის გათვალისწინებით, ეს ინიციატივა უნგრეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
მანამდე, ორშაბათს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ქვეყნის გეგმებშია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ექსპორტის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს გავლით.
საქართველოს ხელისუფლება, აცნობიერებს რა ქვეყნის მნიშვნელოვან სატრანზიტო როლს, ამ მიმართულებით რიგ პროექტებს ახორციელებს. მათ შორის პრიორიტეტულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შავი ზღვის ფსკერზე, რაც ევროკავშირთან დაკავშირებული „მწვანე ენერგეტიკული“ დერეფანი გახდება.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში 1.195 კმ სიგრძის 1.000 მეგავატიანი კაბელი საქართველოს დააკავშირებს აღმოსავლეთ ბალკანეთთან, რაც სამხრეთ კავკასიასა და ევროპას საშუალებას მისცემს ისარგებლონ გაზრდილი საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის იმპორტი ენერგობაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ.