თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. სამხრეთ კავკასიის რეგიონი დიდი ცვლილებების ზღვარზე დგას – საქართველოცა და აზერბაიჯანიც ამაში დიდ როლს შეასრულებენ, მიიჩნევს ანალიტიკური კომპანია „ჯეოქეისის“ დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი.
საქართველოს გუშინ სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. ვიზიტის მთავარი თემა ორმხრივი თანამშრომლობის გამტკიცება გახდა.
„პროცესები იმდენად სწრაფად მიმდინარეობს და მოვლენები იმდენად სწრაფად იცვლება, ჩვენ გაცილებით უფრო, თვისობრივად ღრმა ცვლილებების მოლოდინში უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ყიფიანმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ თბილისში თურქეთის მხრიდან აქტიურობას უნდა ველოდოთ.
„ის სამკუთხედი, რომელიც შეიკრა დროთა განმავლობაში თბილისს, ბაქოსა და ანკარას შორის, ალბათ, ახალ შინაარსს შეიძენს და ეს სომხეთს აყენებს თვისობრივად ახალი არჩევნის წინაშე“, – განაცხადა ყიფიანმა.
გასული წლის დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.