თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თბილისში სამუშაო ვიზიტის შესახებ, იუწყება საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
ალიევი თბილისში სამუშაო ვიზიტით ორშაბათს ჩამოვიდა. მან უკვე გამართა პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. მოგვიანებით პოლიტიკოსებმა მასმედიასთან ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. შეხვედრაზე მხარეებმა ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში ერთობლივი პროექტები განიხილეს.
„საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს, რომ პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის, ბატონ ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების პრეს-სამსახურის ცნობით, ზურაბიშვილის სურვილისა და მზადყოფნის მიუხედავად, სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება.
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ალიევის საქართველოში ვიზიტს და კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას და სურვილს, უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის სფეროებში.
საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების ფარგლებში – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთის გაზის დერეფანი და ა.შ.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–სექტემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,3%-ით გაიზარდა და 959,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.