თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში სასამართლო სისტემა საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც ყოველგვარ ავტორიტეტს მოკლებული კორუფციულ–კლანური ინსტიტუცია, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის მოსამართლეთა კონფერენციაზე 23 ოქტომბერს ოთხი წლის ვადით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად აირჩიეს. ლევან მურუსიძემ 268, ხოლო გვრიტიშვილმა 267 ქულა დააგროვეს.
„გუშინ სასამართლო სისტემამ და ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით ღიად უარი თქვეს ევროკავშირის მიერ გაცხადებული რეკომენდაციების შესრულებასა და სისტემის რეფორმირებაზე... სასამართლო საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც ყოველგვარ ავტორიტეტს მოკლებული კორუფციულ-კლანური ინსტიტუცია“, – განაცხადა მელიამ ბრიფინგზე.
სასამართლო რეფორმა 12 პირობიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ეს სტატუსი უფრო ადრე მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ, საქართველოს კი საკუთარ თავზე მუშაობა დაავალეს.
მელიას თქმით, მურუსიძესა და გვრიტიშვილს აქამდეც გავლენიანი პოზიციები ეკავათ სასამართლო სისტემაში, ხოლო ეს არჩევა ნიშნავს, რომ მათ „უფრო გაუადვილდებათ მათნაირი მოსამართლეების დანიშვნა“.
„ხელისუფლებას და თავად ამ მანკიერ სისტემას გუშინ შეეძლო ნაკლებად ცნობილი რომელიმე „მურუსიძის“ კანდიდატურის წაყენება და მისი არჩევა, მაგრამ რეჟიმმა ასე უტიფრად, ურცხვად და თავხედურად აირჩია თავად მურუსიძე და ამით გამოიწვია საზოგადოება და დასავლეთი“, – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, მთელი დასავლეთი საუბრობს ქვეყანაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე, „ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და რეფორმებს არ საჭიროებს.
მელიას განცხადებით, გუშინდელი ფაქტი აჩვენებს, რომ ხელისუფლება პრინციპულად არ აპირებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას. უფრო მეტიც, მათ მოქმედებებში ცალსახად ჩანს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველო არ გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი, აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა.
სწორედ ამიტომ, მელიას თქმით, ის მოუწოდებს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ და ეხმარებიან საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში, დროული რეაგირება ჰქონდეთ და ამ ფაქტს შესაბამისი შეფასება მისცენ.
„ნათელია, რომ რეკომენდაციების შესრულების თეორიული შანსიც კი დაკარგულია და აქ გასაგები მიზეზების გამო მნიშვნელოვანია პარტნიორების მხრიდან სიცხადის შეტანა... რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაცხადდეს პარტნიორების მხრიდან, რომ ხელისუფლებამ უკვე უარი თქვა რეკომენდაციების შესრულებაზე, რასაც უნდა მოჰყვეს სათანადო რეაგირება“, – აღნიშნა მელიამ.
მმართველ პარტიაში, თავის მხრივ, მიიჩნევენ, რომ მურუსიძისა და გვრიტიშვილის არჩევას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ შეუძლია საფრთხის ქვეშ დააყენოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესი.
„არ მგონია, რეკომენდაციების შესრულების პროცესს რაიმე საფრთხე დაემუქროს, რადგან ეს მართლაც სტრატეგიული ნაბიჯია და ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს წლის ბოლომდე“, – განაცხადა დეპუტატმა უმრავლესობიდან დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დეპუტატის თქმით, ეს დამოუკიდებელი ინსტიტუცია უნდა იყოს, რომელზე გავლენას ვერ მოახდენს ვერც ოპოზიცია და ვერც ხელისუფლება.
„უნდა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც შემდგომში მათი ფუნქცნიონირებისთვის ნორმალური იქნება. კონკრეტულ შემადგენლობაზე ვერაფერს გეტყვით – რატომ მიაჩნიათ, რომ ისინი არიან კლანი ან არაკლანი. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია, თუმცა ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან“, – აღნიშნა სერგეენკომ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო - სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტია საქართველოში, ის სასამართლო ხელისუფლების მთავარი ხელმძღვანელი ორგანოა.
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა – ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლოს კლანები მართავენ, მმართველ პარტიაში კი ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემა ქვეყანაში სრულიად დამოუკიდებელია.
სასამართლო სისტემა საქართველოში ერთ-ერთი ის სფეროა, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორებიც. მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას, გაატარონ საფუძვლიანი რეფორმები მართლმსაჯულების სისტემაში.