საქართველოს სასამართლო რეფორმა - სტრატეგიაზე მუშაობა დასრულდა
17:22 03.10.2022 (განახლებულია: 20:36 03.10.2022)
© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა – ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პარლამენტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა და აღნიშნულ პროცესში საზოგადოების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
სასამართლო რეფორმა ევროკავშირის 12 პირობიდან ერთ-ერთია, რომელთა შესრულების შემთხვევაში ქვეყანას მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
„ეს დოკუმენტი შემუშავდა ფართო ჩართულობით როგორც პროფესიული წრეების წარმომადგენელთა, ისე სახალხო დამცველის მონაწილეობით. ჩვენ მივიღეთ დამატებითი წინადადებები არასამთავრობო ორგანიზაციებისგან… მასში ასახულია მთელი რიგი წინადადებები, მათ შორის ჯგუფის წევრების წინადადებები“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ეფუძნება მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ 200-გვერდიან დოკუმენტს – „ქართული მართლმსაჯულების ინსტიტუციური განვითარება 2013-2021 წლებში“.
„ქართული მართლმსაჯულების ინსტიტუციური განვითარება უნდა გამხდარიყო საფუძველი ქართული მართლმსაჯულების განვითარებისკენ ჩვენი შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად. სწორედ ეს დოკუმენტია ამ სტრატეგიის ბაზისი“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, აუცილებელია გაგრძელდეს ქართული მართლმსაჯულების შემდგომ განვითარებაზე მუშაობა, ვინაიდან რჩება გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებას.
დოკუმენტში გამოყოფილია ისეთი გამოწვევები, როგორიცაა:
1.
მოსამართლეებისა და სასამართლო მოხელეების ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების გონივრულ ვადაში შესასრულებლად და საქმიანობის მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად;2.
სასამართლოში საქმეთა ნაკადის შემცირება და სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება, რისთვისაც აუცილებელია დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების სათანადო განვითარება და ხელშეწყობა როგორც არბიტრაჟის, ისე მედიაციის მიმართულებით;3.
სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესება და მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთა პროფესიული განვითარების კიდევ უფრო ხელშეწყობა;4.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების დანერგვის მექანიზმების გაუმჯობესება;5.
მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების გაძლიერება;6.
მართლმსაჯულების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების კიდევ უფრო განვითარება;7.
საზოგადოების ინფორმირებულობისა და მასთან კომუნიკაციის გაზრდის გზით სასამართლოს მიმართ ნდობის კიდევ უფრო გაძლიერება, სასამართლოს დისკრედიტაციისკენ მიმართული დეზინფორმაციის თავიდან აცილების მექანიზმების გაუმჯობესება;8.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის შემდგომი გაძლიერება;9.
სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებით ელექტრონული საშუალებების გამოყენების პრაქტიკის გაფართოება;10.
მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი სერვისების დანერგვა;11.
შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებული გარემოს უზრუნველყოფა, აგრეთვე ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით სათანადო გარემოს შექმნა;12.
თარჯიმნის სერვისის გაუმჯობესება, რათა სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა ჯეროვნად იქნეს უზრუნველყოფილი;13.
იუსტიციის უმაღლესი სკოლის გაძლიერება, რათა მან ჯეროვნად შეძლოს სათანადო რაოდენობის იუსტიციის მსმენელთა მომზადება, რაც აუცილებელია 2025 წლის 1 იანვრიდან მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ განწესების პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის;14.
მიზანშეწონილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი ნორმების გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვროს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა არჩევის პროცედურაში საბჭოს წევრობის კანდიდატის კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის ვალდებულება;15.
მიზანშეწონილია დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა არჩევის წესთან დაკავშირებული ცალკეული საკითხებიც. კერძოდ, მიზანშეწონილია საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევის პროცესში საბჭოს წევრობის კანდიდატს მიეცეს მოსამართლეთა კონფერენციისთვის თავისი ხედვების წარდგენის შესაძლებლობა;16.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო გარკვეული საკანონმდებლო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას.„შესაბამისად, მიზანშეწონილია სათანადო საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციასა და საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში ასახულ მიდგომებთან კანონის შესაბამისობას განაპირობებს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ოხანაშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფი სამოქმედო გეგმის შესაბამისად საკანონმდებლო ცვლილებაზე მუშაობას აგრძელებს, რომლის ინიცირებაც საკანონმდებლო ორგანოში 1 ნოემბრამდე უნდა მოხდეს. გარდა ამისა, ცვლილებები წარედგინება ვენეციის კომისიასა და OSCE/ODIHR-ს.
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა – ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლოს კლანები მართავენ, მმართველ პარტიაში კი ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემა ქვეყანაში სრულიად დამოუკიდებელია.
სასამართლო სისტემა საქართველოში ერთ-ერთი ის სფეროა, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორებიც. მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას, გაატარონ საფუძვლიანი რეფორმები მართლმსაჯულების სისტემაში.