თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთი გაზის მსხვილი ჰაბი ხდება, რომლის იმედიც საზღვარგარეთის ქვეყნებს აქვთ, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.
მანამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია გაზის ტრანზიტის გადამისამართება „ჩრდილოეთის ნაკადიდან“ შავი ზღვის რეგიონსა და თურქეთში. რუსეთის ლიდერმა ეს იდეა თურქეთის პრეზიდენტთან მიმოიხილა. მათ გასცეს ბრძანება, დეტალურად და უმოკლეს ვადებში შემუშავდეს თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის შესაძლებლობა.
ერდოღანმა გააკრიტიკა ანკარის ოპონენტები, რომლებიც მოუწოდებდნენ უარი ეთქვათ დაბალანსებულ პოლიტიკაზე უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით.
მალატიას პროვინციაში რამდენიმე ობიექტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ კონფლიქტის ერთ-ერთ მხარესთან დიალოგზე უარის გამო თურქეთი აღმოჩნდებოდა იმ ევროპელი სახელმწიფოების სიტუაციაში, რომლებიც დღეს ენერგეტიკულ კრიზისს განიცდიან.
„თურქეთის დაბალანსებულმა პოლიტიკამ უკრაინის მიმართ მთელს მსოფლიოში მოწონება დაიმსახურა. ჩვენ რომ კრიტიკოსებს ავყოლოდით, დღეს ევროპელების მსგავსად მოგვიწევდა ფიქრი იმაზე, როგორ გადავიტანოთ კარს მომდგარი ზამთარი. მაგრამ ანკარამ სხვა გზა აირჩია და გაზთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს“, - აღნიშნა ერდოღანმა, იუწყება Anadolu.
მისი თქმით, „თურქეთი გაზის მსხვილი ჰაბი ხდება, რომელზეც იმედებს ამყარებენ (უცხოეთში)“.