აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე: პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ლაღიძის ქუჩაზე განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 35 წლის მამაკაცი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. მას გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულს გუშინ, 22 ოქტომბერს თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ოთხ პირთან, რა დროსაც მათი მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა სამი პირი. სამივე მათგანს საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
აფეთქება თბილისში: როგორია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა >>
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.
სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
წყარო - შსს