თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. 22 ოქტომბერს დუშეთში სახალხო დღესასწაული „დუშეთობა-მთაბარობა“ აღინიშნება, იუწყება მუნიციპალიტეტის მერია.
უწყების ცნობით, ქალაქის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხური რეწვის და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. დღესასწაულზე წარმოდგენილია ფშავ-ხევსურეთისთვის, გუდამაყრისთვის, მთიულეთისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სამოსი და სამზარეულოც.
ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია საბავშვო სივრცე, სადაც მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები.
მერიის ცნობით, დღის განმავლობაში სცენაზე გამოვლენ როგორც ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფები, ისე მოწვეული, ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მუსიკალური ბენდები. რომელთა შორისაა „დუშეთის ბენდი“, „გორელიშვილების საოჯახო ანსამბლი“, ანსამბლი „ქალილო“, ქართული ფოლკლორული ანსამბლი „ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური, ასევე ღამის შოუს ბენდი გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით და ჯგუფი „რეგგეონი“.
„დუშეთობა-მთაბარობის“ აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებებს გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.
დღესასწაულზე დასწრების მსურველებს მოემსახურება უფასო ტრანსპორტი. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი დანიშნული მიკროავტობუსები უზრუნველყოფენ მოსახლეობის უკან დაბრუნებას.
„დუშეთობის“ სახალხო დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნება.