აფეთქება თბილისში: როგორია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

ერთ-ერთი დაშავებულის დის ინფორმაციით, მის ძმას ორივე კიდური და ხერხემალი აქვს დაზიანებული.
Sputnik
თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანიდან ორი მათგანი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო მესამე - ამერიკულ ჰოსპიტალში.
ქუთათელაძისა და ლაღიძის ქუჩის კუთხეში აფეთქების ხმა დღეს დაახლოებით 11 საათზე გაისმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებას წინ ორ მამაკაცს შორის დაპირისპირება უძღოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა სავარაუდოდ ხელყუმბარა ააფეთქა. შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, რომელთაგანაც ერთ-ერთი შემთხვევითი გამვლელი იყო.
როგორც ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, მათთან მოთავსებული დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ერთ-ერთი დაშავებულის დის ინფორმაციით, მის ძმას ორივე კიდური და ხერხემალი აქვს დაზიანებული.
„ჩემს ძმას დღეს დაბადების დღე ჰქონდა და საყიდლებზე იყო გასული. რა ვითარებაში მოხდა ინციდენტი, არ ვიცი“, – განაცხადა ერთ-ერთი დაშავებული დამ.
რაც შეეხება მესამე დაშავებულს, რომელიც ამერიკულ ჰოსპიტალში იმყოფება, ის კონკრეტული სერვისის საჭიროების გამო, სხვა კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.
თბილისის ცენტრში აფეთქება მოხდა >>
ამ დროისთვის უცნობია, დაკავებულია თუ არა დამნაშავე. ასევე უცნობია, მონაწილეობდნენ თუ არა დაშავებულები ინციდენტში. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ კრიმინალისტები. გარდა ამისა, ინციდენტის ადგილის სიახლოვეს, თაბუკაშვილის ქუჩაზე დაცხრილული ავტომობილია ნაპოვნი.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ორ ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.