თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში თურქეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ბრალი თურქეთის ოთხ მოქალაქეს წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულთაგან ერთს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, სამს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება.
გამოძიების მასალების თანახმად, თურქეთის მოქალაქემ 18 ოქტომბერს ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მყოფი თურქეთის რამდენიმე და საქართველოს ერთი მოქალაქის მიმართულებით რესტორნის მიმდებარე ტერიტორიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სროლის შედეგად რესტორანში მყოფმა თურქეთის ერთმა მოქალაქემ სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო და კლინიკაში გარდაიცვალა.
დანაშაულის მიზეზი იყო მკვლელობაში ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის წარსულში არსებული უთანხმოება.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნული დანაშაულის თაობაზე ცნობილი იყო თურქეთის სამი მოქალაქისთვის, რომლებმაც ამის შესახებ სამართალდამცველ ორგანოებს არ შეატყობინეს. უფრო მეტიც, მათ შეიძინეს და თან ატარებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს.
მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პირს 16-დან 20 წლამდე ვადით პატიმრობა, დანარჩენ სამ პირს კი ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.