ბათუმის საკრებულოში „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

მასმედიის ინფორმაციით, დეპუტატმა ქვეყანა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დატოვა – ოპოზიციონერი აშშ-ში გაემგზავრა.
Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლაშა კილაბერიამ თანამდებობა დატოვა.
კილაბერიას გადადგომის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ მისი თანაგუნდელები, მაგრამ აღნიშნავენ, რომ მას პარტიის რიგები არ დაუტოვებია.
ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა კილაბერიას შემდეგ ნოდარ დუმბაძემ დაიკავა.
„ლაშა კილაბერიამ რამდენიმე დღის უკან განაცხადა, რომ ტოვებდა აღნიშნულ თანამდებობას. არც საკრებულოდან წასულა, არ პარტიიდან. მხოლოდ დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ჩვენთან განმარტა, რომ ქვეყნიდან წასვლას აპირებს“, – განაცხადა დუმბაძემ.
მასმედიის ინფორმაციით, დეპუტატმა ქვეყანა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დატოვა – ოპოზიციონერი აშშ-ში გაემგზავრა.
ბათუმის საკრებულოში 35 მანდატიდან ამჟამად 17 ოპოზიციას აქვს, აქედან 14 მანდატი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, 2 – პარტიას „საქართველოსთვის“, ხოლო ერთი – „ლელოს საქართველოსთვის“. საკრებულოს ჰყავს ასევე ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელიც აირჩიეს პარტიიდან „საქართველოსთვის“, მაგრამ მან პარტია მალევე დატოვა.
ასევე 17 მანდატი აქვს საკრებულოში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“.