კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ - „ოცნება" ოპოზიციას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს

ქართველი პოლიტიკოსები „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის დეტალებში ვერ გაერკვნენ.
Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. კამათი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ირგვლივ საქართველოს პოლიტიკურ წრეებში არ ცხრება – მხარეები კვლავ ვერ შეთანხმებულან, თუ ვინ არის ოლიგარქი.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე ინიცირებულია პარლამენტში, თუმცა თანმდევი კანონპროექტების გარეშე.
როგორც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ძირითადი კანონი პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს მოითხოვს. თუმცა, მან დაამატა, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ანალოგიურ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდება.

„ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო, ეს დოკუმენტი ყოფილიყო ინიცირებული და ველოდებით შესაბამის დასკვნას. ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება როგორც კი მიიღებს ვენეციის კომისიის დასკვნას, მისი პირდაპირპროპორციული გამოყენება და მასზე მსჯელობა შეგვეძლება ჩვენც“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ შინაარსით უკრაინული კანონის ანალოგიურია და არსებითად იმეორებს უკრაინული კანონის ნორმებს.
უკრაინული კანონის მიხედვით, ოლიგარქად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც ოთხი ძირითადი კომპონენტიდან სამს აკმაყოფილებს: პირველი - მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მეორე - მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, მესამე - არის საბოლოო ბენეფიციარი იმ სამეწარმეო იურიდიული პირისა, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და ინარჩუნებს ან აუმჯობესებს ამ მდგომარეობას ერთი წლის განმავლობაში.
და მეოთხე - თუ მისი აქტივებისა და სამეწარმეო იურიდიული პირების დადასტურებული თანხა, რომელთა ბენეფიციარიც არის, სჭარბობს საარსებო მინიმუმს მილიონჯერ (შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით).
საქართველოში ოპოზიციის შეთავაზებაა – ოლიგარქის განმარტების ჩამონათვალს დაემატოს ფორმულირება „ხელისუფლებაზე გავლენის მქონე“, სადაც ოპოზიცია მმართველი პარტიის დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს მოიაზრებს.
დეპუტატი: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი სამართლიან პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს>>
ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ოლიგარქია ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას ნიშნავს. თუ ამ მექანიზმს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონში ჩავდებთ, აღმოჩნდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად ახდენს გავლენას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე.
თუ ევროკომისიას წარვუდგენთ კანონპროექტს, რომელიც არ შეესაბამება მის მოთხოვნებს, ეს პუნქტი არ ჩაითვლება შესრულებულად, მიიჩნევს ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.
„არბიტრი არის ევროკავშირი. შესაბამისად, სანამ უარყოფითი დასკვნა დადგება, კეთილი უნდა ინებოს ყველამ და უნდა იმუშაოს ევროკავშირთან იმისათვის, რომ არ იქნას დაშვებული შეცდომა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ძვირად დაუჯდება. ეს ფასი იქნება ის, რომ კიდევ ერთხელ მივიღებთ უარს კანდიდატის სტატუსზე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ამავე დროს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ პარლამენტში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ალტერნატიულ კანონპროექტს უახლოეს პერიოდში შეიტანენ. როგორც დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, უკრაინული მოდელი სრულიად განსხვავდება ქართული რეალობისგან.
ღარიბაშვილი: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მივიღებთ>>
„საქართველოს რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია და ეს რეალობა აღწერილია არა მარტო ოპოზიციის განცხადებებში, არამედ ევროპარლამენტი თავის რეზოლუციაში აღნიშნავს, რომ უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია... ამ რეალობიდან გამომდინარე უნდა გავითვალისწინოთ ქართული საკანონმდებლო პრაქტიკა და ამ მოდელზე უნდა ავაგოთ ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა“, – აღნიშნა ბეჟაშვილმა.
საპასუხოდ „ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციას ორმაგ სტანდარტებში დასდეს ბრალი.

„კანონი, რომელიც უკრაინას აქვს და რომელზეც ვენეციის კომისიას დადებითი დასკვნა აქვს გაცემული და ტაშს უკრავდა მთელი ცივილიზებული სამყარო, საქართველოსთან მიმართებით თურმე არ უნდა იქნეს მიღებული, ეს არის ორმაგი სტანდარტის კლასიკური ნიმუში“, – განაცხადა დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა.

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც ოპოზიციას აწუხებს, ეს ბიძინა ივანიშვილზე პირდაპირი შეტევაა, აღნიშნა მან.
ოპოზიცია როგორც არ უნდა ეცადოს, კანონი მხოლოდ ერთ ადამიანზე არ იქნება ორიენტირებული, თავის მხრივ, განაცხადა დეპუტატმა ბექა დავითულიანმა.
სანამ არ დაიწერება კანონი, სადაც ჩაიწერება, რომ კანონი უნდა შეეხოს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და მეტი არავის, მანამდე ილაპარაკებენ, რომ ის ქართულ რეალობას არ შეესაბამება. ჩვენი პასუხია, რომ კანონი ყველა მოქალაქისთვის იწერება, განაცხადა დავითულიანმა.
ევროპარლამენტმა 9 ივნისს საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც, მათ შორის, ლაპარაკია ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე, სადაც ის „ერთადერთ ოლიგარქად“ არის მოხსენებული, „რომელსაც პირადი და საქმიანი კავშირები აქვს კრემლთან“. ევროპული საბჭოსთვის მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი სწორედ ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესებაა.
დეოლიგარქიზაცია ქართულად - ვინ შეიძლება მოხვდეს ოლიგარქების სიაში?>>
ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა, გარკვეულ საკითხებზე რჩევებისთვის მიმართავენ, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ მის ჩარევას ქვეყნის მართვაში.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის უკრაინული მოდელის მიღების შემთხვევაში ის შეეხება არა ივანიშვილს, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლებს - პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.
მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებით, უკრაინული კანონით სწორედ ეს ადამიანები მიიჩნევიან ოლიგარქებად.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს