ავტომობილის რეგისტრაცია ძვირდება: საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს წარედგინა

ცვლილებების მიღების შემთხვევაში კანონი 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცალკეული სერვისების ღირებულების გაზრდას, ქვეყნის პარლამენტს 10 ოქტომბერს წარედგინება.
ცვლილებების თანახმად, რიგი მომსახურების ღირებულება იზრდება. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 35 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 100 ლარით, ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა კი 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი იქნება. დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა ასევე 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი ეღირება.
მთავრობის განმარტებით, მომსახურების სააგენტოს მიერ ცალკეული სერვისების საფასურის კორექტირებით სააგენტოს შემოსავალი 40 მილიონ ლარამდე გაიზრდება. შესაბამისად, გაზრდილი დაფინანსების ხარჯზე შესაძლებელი იქნება საპატრულო პოლიციის რესურსის ზრდა – მისთვის კანონმდებლობითდაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად.
კანონპროექტის მიღება აუცილებელია მომსახურების სააგენტოს საქმიანობის დროულად და შეუფერხებლად განხორციელებისთვის, აგრეთვე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
როგორც კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, ავტომობილების რაოდენობის ზრდა საპატრულო პოლიციის დატვირთულობაზზე აისახება.