თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) დავალებით „რუსთავის წყალი" რუსთავში სასმელი წყლის ავარიული წყვეტების შესამცირებლად 20,5 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბოლო თვეების განმავლობაში რუსთავში გახშირებული სასმელი წყლის ავარიული წყვეტების შესახებ სემეკში მომხმარებელთა არაერთი საჩივარი დაფიქსირდა.
„საკითხის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ წყვეტების სიხშირისა და საშუალოდ ერთ წყვეტაზე გათიშული მომხმარებლების რაოდენობის პარამეტრები იყო გაუარესებული. აღნიშნულის გამო შპს „რუსთავის წყალი" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50.000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო პრობლემის აღმოსაფხვრელად საინვესტიციო პროექტების მოცულობის ზრდა და მათი განხორციელების ტემპის დაჩქარება დაევალა", – აღნიშნავენ სემეკში.
უწყების ინფორმაციით, კომპანიის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია გახშირებული ავარიული წყვეტების შემცირებისთვის ყველა აუცილებელი სამუშაოს ჩატარება.
2023 წლის ბოლომდე რუსთავში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას, სათავე ნაგებობას, გამოიცვლება მილსადენის ამორტიზებული მონაკვეთები, მოცულობითი სამუშაოები ჩატარდება იმ ქუჩებზე, სადაც ყველაზე ხშირად ფიქსირდება დაზიანებები.
სემეკის მიერ გაკონტროლდება შპს „რუსთავის წყლის" საინვესტიციო გეგმის შესრულება წარმოდგენილი გრაფიკის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ უზრუნველყოფს 2023 წლის ბოლომდე რუსთავში წყალმომარაგების სისტემის სრულად გაუმჯობესებას, კომისია იმსჯელებს შპს „რუსთავის წყლის" მიმართ კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე.