უწყლობა რუსთავში: მერმა დახმარებისთვის სემეკს მიმართა

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის მერია
რუსთავის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2022
გამოწერა
პრობლემის სრულ მოგვარებას რამდენიმე წელიწადი დასჭირდება, მაგრამ, იმაზე, რაც სასწრაფოა, ინტენსიური მუშაობა განხორციელდება, განაცხადა სემეკის ხელმძღვანელმა.
თბილისი, 18აგვისტო — Sputnik. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ქალაქში წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრაში დახმარება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიას (სემეკს) სთხოვა.
რუსთავის წყალმომარაგებაზე კომპანია „რუსთავის წყალია“ პასუხისმგებელი. ბოლო ორი თვის განმავლობაში ქალაქში წყალი გრაფიკით მოდის - მხოლოდ ღამის საათებში. ქალაქის მცხოვრებლებმა თვის დასაწყისში მერიას ღია წერილით მიმართეს და პრობლემის მოგვარება სთხოვეს.
„ჩვენ მივმართეთ წყლის კომპანიას, რომელიც არის კერძო და ემსახურება ჩვენს ქალაქს. ასევე გვქონდა რამდენიმე შეხვედრა მათთან, თუმცა დღესაც მთელი ქალაქი პარალიზებულია და თითქმის არც ერთ უბანს არ მიეწოდება სასმელი წყალი. დღეს უკვე მივმართეთ სემეკს ოფიციალური წერილით და ვთხოვთ მათ, რაც შეიძლება სწრაფად, არსებულ პროცესში თანადგომა“, – განაცხადა ლაცაბიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ მიუღებელია ის რაც რუსთავში ხდება და მერია აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს.
ამავე დროს მერმა განაცხადა, რომ მთავარი პრობლემა ქალაქის წყალმომარაგების მოძველებული სისტემაა და მერია ამ საკითხზე მუშაობს.
„ჩვენი დავაყენეთ საკითხი, რომ უნდა მოხდეს დამატებითი ინვესტიციები, რათა გამოიცვალოს ის მოძველებული ინფრასტრუქტურა, რომელიც წყალმომარაგების კუთხით არსებობს“, - განაცხადა ლაცაბიძემ.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) ხელმძღვანელმა დავით ნარმანიამ პირობა დადო, რომ რეგულატორი აღნიშნულ საკითხს თვალყურს მიადევნებს.
„რუსთავის მერის მომართვის საფუძველზე, საჯარო მოსმენას და საკითხის განხილვას ჩავნიშნავთ, რომლის საფუძველზეც, კომისიის გადაწყვეტილებითვე დაევალება კომპანიას მეტი აქტივობები, რომელიც სჭირდება ქსელის რეაბილიტაციას. შესაბამისად, ბოლომდე მივადევნებთ თვალყურს, რომ არსებული პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდეს რუსთავის მუნიციპალიტეტში. პრობლემის ბოლომდე მოგვარებას რამდენიმე წელიწადი სჭირდება, თუმცა გადაუდებელი რაც არის, ამაზე ინტენსიური სამუშაოები ჩატარდება“, - განაცხადა ნარმანიამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ კომპანიის დაჯარიმება ჯერ არ მოხდება.
„დაჯარიმების სამართლებრივი საფუძველი ჯერ არ გვაქვს, თუმცა ვაანალიზებთ სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით წყვეტებს და მათ სიხშირეს. ამაზე ცალკე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და როცა იქნება კომპანიის მოსმენა, ანალიზს და შედეგებს მოახსენებენ კომისიას, ამაზე დაყრდნობით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამასთან, რუსთავში 19 აგვისტოსაც იგეგმება მთელი დღით წყლის გათიშვა. კომპანიამ ავარიის შესახებ შეტყობინება ქალაქის მცხოვრებლებს უკვე დაუგზავნა.
ყველა ახალი ამბავი
0