ღვინობისთვის პირველი დღეებია, დროა გასული თვის ინფლაციური პროცესი შევაჯამოთ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, სექტემბერში ინფლაცია 0,8 პროცენტი იყო, ხოლო წლიურ ჭრილში ის 11,5 პროცენტს გაუტოლდა და ამით ივლისის თვის მაჩვენებელი განმეორდა.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ინფლაციამ 10,9 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო ცხრა თვის საუკეთესო მაჩვენებელია. მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ინფლაცია იანვარში იყო − 13,9 პროცენტი. ეს ინფლაციის ის ნიშნულია, რომელზეც ქვეყანამ გასული წელი დაასრულა და ახალ წელს შეხვდა. ასე რომ, თებერვლიდან მოყოლებული სექტემბრის ჩათვლით ინფლაციის მაჩვენებელი 13,7–10,9 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა.
ადრეც მითქვამს და ახლაც მოგახსენებთ, რომ ინფლაციის დონეს ინფლაციურ პროცესებზე საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენის ხარისხი განაპირობებს. რა თქმა უნდა, ეს ჯერ იყო COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და არათუ განვითარებადი, არამედ ძლიერი ეკონომიკური სისტემების ქვეყნებზეც აისახა. რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან მალევე საფინანსო-ეკონომიკური რეცესია გლობალურად კიდევ უფრო გამწვავდა.
ინფლაციურ პროცესებზე საგრძნობი გავლენა ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრების დინამიკას ჰქონდა. გასული წლის აპრილიდან მოყოლებული ძირითადი მაჩვენებლები თანდათან გაუმჯობესდა, პანდემიამდელი პერიოდის მონაცემებს ჯერ დაეწია და შემდეგ გაუსწრო კიდეც. ეს ეხება როგორც ტურიზმის სფეროდან შემოსავლების, ასევე ფულადი გზავნილების მუცულობის მატებას და მზარდი ექსპორტის ხარჯზე საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი სალდოს შემცირებას. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამავე პერიოდიდან ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. ინფლაციური პროცესის შეკავების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი მონეტარული პოლიტიკაა. მართალია, მიმდინარე წლის მაისიდან მოყოლებული ეროვნულმა ბანკმა ის უცვლელი დატოვა, მანამდე, გასული წლის მარტიდან ერთი წლის განმავლობაში 2,5 პროცენტით გაზარდა და დღეს რეფინანსირების განაკვეთი 11 პროცენტია.
დავუბრუნდეთ „საქსტატის“ მონაცემებს. საინტერესოა, სექტემბრის თვის მდგომარეობით როგორია ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტებისა და მომსახურების ჩამონათვალი. ალბათ მოსალოდნელი იყო, რომ რეიტინგს სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი ფასების მატების 17,6 პროცენტით ლიდერობს. საინტერესოა, როგორი იყო ფასების ცვლილების დინამიკა სურსათის ცალკეულ სახეობებზე. პური და პურპროდუქტები 32,8 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი 23,3 პროცენტით გაძვირდა. მინერალური და წყაროს წყლის, უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების ფასებმა 22,5 პროცენტით მოიმატა. ზეთი და ცხიმი 21,2 პროცენტით გაძვირდა. ყავა, ჩაი და კაკაო 18,9 პროცენტით არის გაძვირებული. თევზეული 16,5 პროცენტით გაძვირდა. შაქრის, ჯემისა და სხვა ტკბილეულის ფასმა 15,8 პროცენტით მოიმატა, ხოლო ხორცისა და ხორცის პროდუქტების ფასი 9,8 პროცენტით გაიზარდა. ხილი და ყურძენი კი 9,6 პროცენტით გაძვირდა. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში წლიური გაძვირების აგვისტოს თვის მაჩვენებელი 15,8 პროცენტი იყო. შესაბამისად, მატებამ 1,8 პროცენტი შეადგინა.
აგვისტოსგან განსხვავებით, სექტემბერში რეიტინგის მეორე-მესამე პოზიციებმა ადგილები გაცვალეს. ეს კი მოულოდნელი იყო. ამჯერად მეორე პოზიცია გაძვირების 15,6 პროცენტით სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების მომსახურებამ დაიკავა. აგვისტოს მაჩვენებელი 14,9 პროცენტი იყო და, შესაბამისად, მატებამ 0,7 პროცენტი შეადგინა. ტრანსპორტი და სატრანსპორტო მომსახურება კი ფასების მატების 14,1 პროცენტით მესამე პოზიციაზე იყო. პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ფასებმა 16,8 პროცენტით მოიმატა. სატრანსპორტო მომსახურება 13,7 პროცენტით გაძვირდა. ტრანსპორტისა და სატრანსპორტო მომსახურების წლიური გაძვირების აგვისტოს თვის მაჩვენებელი 15,6 პროცენტი იყო. შესაბამისად, კლებამ 1,5 პროცენტი შეადგინა.
რეიტინგში მომდევნო პოზიცია კვლავაც საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ფასებს უკავია, რომელმაც წლიურად საშუალოდ 12,2 პროცენტით მოიმატა. ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე 24,3 პროცენტით, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება კი 12,5 პროცენტით გაძვირდა. ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეები გაძვირებულია 5,8 პროცენტით. ამ ჯგუფში წლიური გაძვირების აგვისტოს მაჩვენებელი 12,4 პროცენტი იყო და, შესაბამისად, კლებამ 0,2 პროცენტი შეადგინა.
უცვლელი დარჩა რეიტინგის მეხუთე პოზიცია. ის გაძვირების 11,7 პროცენტით სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ფასებს უკავია. აგვისტოში მაჩვენებელი 10,6 პროცენტი იყო. ასე რომ, მატებამ 1,1 პროცენტი შეადგინა. მომდევნო პოზიციები ასე განაწილდა: დასვენება, გართობა, კულტურა − 10,4 პროცენტი, ანუ აგვისტოს მაჩვენებელზე 5,2 პროცენტით მეტი; ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლა − 10,1 პროცენტი, ანუ აგვისტოს მაჩვენებლის ანალოგიური მონაცემი; ალკოჰოლური სასმელი და თამბაქო − 7,9 პროცენტი, ანუ აგვისტოს მაჩვენებელზე 0,6 პროცენტით ნაკლები. განათლება − 6,4 პროცენტი, ანუ აგვისტოსთან შედარებით 3,3 პროცენტით მეტი. შემდეგ მოდის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაძვირების 3 პროცენტით. კავშირგაბმულობა 0,4 პროცენტით გაძვირდა. რაც შეეხება ჯანდაცვას, ამ ჯგუფში, „საქსტატის“ მონაცემებით, ფასები 1,1 პროცენტით შემცირდა.
ინფლაციის ცვალებადი დინამიკის მიუხედავად, ფაქტია, უკვე დიდი ხანია, რაც ის ორნიშნა ნიშნულზეა. ამ ვითარებაში აქტუალურია კითხვა, როდიდან დაიწყება ინფლაციის შემცირება?
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოში მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი 11 პროცენტამდე გაზარდა, მომდევნო წლისთვის კი ინფლაცია 5 პროცენტზე ივარაუდა. აპრილში გაკეთებული პროგნოზით, მიმდინარე წელს წლიური ინფლაცია 7 პროცენტი უნდა ყოფილიყო, ხოლო მომდევნო წელს 4 პროცენტი. აზიის ბანკის შეფასებით, ინფლაციის გაზრილი პროგნოზი მსოფლიოში სამომხმარებლო საქონელზე მოსალოდნელზე მაღალი ფასებითა და შიდა ზრდით არის განპირობებული. საგულისხმოა, რომ აზიის განვითარების ბანკის ეს ვარაუდი ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებს შორის ყველაზე პესიმისტურია.
ქვეყნის მთავარი ბანკირი განმარტავს, რომ დღევანდელი პროგნოზით ინფლაცია წლის ბოლოს დაახლოებით 9,5 პროცენტი იქნება, ხოლო მიზნობრივ მაჩვენებელს მომავალი წლის შუა პერიოდში დაუახლოვდება.
„დღეისათვის პროგნოზირება რთულია. თუმცა ვვარაუდობთ, რომ ინფლაცია გააგრძელებს შემცირების ტენდენციას. ის მნიშვნელოვნად არ შეიცვლება და წლიური ინფლაცია წლის ბოლოს დაახლოებით 9,5 პროცენტი იქნება. თებერვლიდან შემცირებას დაიწყებს და მეორე ნახევრიდან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პროგნოზი, ინფლაციური პროცესების ამგვარ შესაძლო განვითარებას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც და მსოფლიო ბანკიც იზიარებენ“, − აცხადებს კობა გვენეტაძე.
კიდევ უფრო ოპტიმისტურია საკონსულტაციო ჯგუფი „თიბისი კაპიტალის“ ეკონომისტის ოთარ ნადარაიას პროგნოზი. მისი ვარაუდით, საქართველოში ფასების ზრდის ტემპი მიმდინარე წლის განმავლობაში შემცირდება, ხოლო, სავარაუდოდ, მომდევნო წლის ივლისში ფასები არათუ გაიზრდება, არამედ შემცირდება. რაც შეეხება წლის ბოლოსთვის ინფლაციის მაჩვენებელს, მისივე თქმით, ის 7,4 პროცენტი იქნება.
და, ბოლოს, ანალიტიკოსთა დიდი ნაწილის ვარაუდით, წლის ბოლოს ინფლაცია ორნიშნა ნიშნულს ჩამოსცდება და 9,2 პროცენტამდე დაიკლებს. მომდევნო წელს კი ჯერ 5 პროცენტამდე შემცირდება, ხოლო შემდეგ საწყის მიზნობრივ მაჩვენებელს, 3 პროცენტს დაუახლოვდება.
როგორ განვითარდება ინფლაციური პროცესები, დრო გვიჩვენებს. ისევე, როგორც აქამდე, მომავალშიც გადამწყვეტი საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენის ხარისხი იქნება. მანამდე კი ცხოვრების გაძვირებით შეჭირვებული მოსახლეობა ოპტიმისტური პროგნოზების გამართლების იმედად უნდა იყოს...
სამსონ ხონელი