თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 2023 წლიდან ასაკობრივი პენსიონერებისთვის პენსიები იზრდება, ასევე გაიზრდება სოციალური დახმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე პარასკევს.
პრემიერის ინფორმაციით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2023 წელს დაახლოებით 24,3 მილიარდი ლარი იქნება, რაც შესაძლებელს გახდის ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე სრულად რეაგირებას.
„70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გახდება მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე, სხვაგან – 365 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით; ასევე გაიზრდება დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელიც.
„ჩვენ ბავშთა დახმარება თითქმის გავასამმაგეთ უკვე. იყო 50 ლარი და ახლა არის 150 ლარი. ესეც გაგრძელდება. ჩვენი სურვილია – იმისდა მიხედვით, როგორი ბიუჯეტი გვექნება 2023 წელს და როგორი შემოსავლები – რომ ეს კიდევ გავზარდოთ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთლიანობაში გაისად ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება 770 მილიონი ლარით იზრდება.
პენსიების ზრდა სახელმწიფო პენსიის ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ხდება, რომელიც ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა და ახლა იგი ყოველწლიურად ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით გაიზრდება. 70 წლამდე პენსიონერების პენსია გაიზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ – ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის გათვალისწინებით.
2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარის, 70 წელს ზემოთ პირთათვის კი 300 ლარის ოდენობით დადგინდა. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ პირებისთვის – 360 ლარს.
ამჟამად საქართველოში ასაკობრივ პენსიას იღებენ ქალები 60 წლიდან და მამაკაცები 65 წლიდან.