თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. ჩვენი მხრიდან ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, ლარსის გამშვებ პუნქტზე ვითარებას ვაკონტროლებთ, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
შსს-ს ბოლო მონაცემებით, 17-დან 26 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში სხვადასხვა სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით 78 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 51 ათასზე მეტმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა.
დარახველიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული.
„კერძოდ, ხდება თითოეული ადამიანის შესწავლა, აკმაყოფილებს თუ არა ის კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ასევე არის ინფორმაციები ამა თუ იმ პირის შესახებ, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას. მათ საზღვრის გადმოკვეთაზე, ბუნებრივია, უარს ეუბნებიან“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
საქართველო-რუსეთის საზღვარზე ერთადერთი სახმელეთო გამშვები პუნქტია „დარიალი“ (რუსეთის მხრიდან - „ზემო ლარსი“). სამშაბათს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ყველაზე ხშირად რუსეთის მოქალაქეები სწორედ ამ გამშვები პუნქტის გავლით შემოდიან.
საქართველოში რუსეთიდან მოხვედრა ასევე შესაძლებელია თვითმფრინავით მესამე ქვეყნებიდან, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ არსებობს.
რუსეთიდან საქართველოში შემოსვლის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რუსეთში 21 სექტემბრიდან ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. ამის შემდეგ მალევე საქართველო-რუსეთის საზღვარზე საქართველოში შემოსვლის მსურველთა მრავალკილომეტრიანი ავტომობილების რიგი გაჩნდა.
ამ ფონზე რუსეთთან საზღვრის დაკეტვის და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოსახლეობის ნაწილი. საქართველოს ხელისუფლება ამას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ქვეყანაში რუსეთიდან შემომსვლელთა ნაკადი, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.