საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვრებზე „საცობების“ მიზეზებზე

17 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში სხვადასხვა მიმართულებიდან ჯამში შემოვიდა რუსეთის 78.742 მოქალაქე, ხოლო გავიდა რუსეთის 51.643 მოქალაქე.
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საზღვარზე რიგები შემომსვლელების გაძლიერებული შემოწმებით არის გამოწვეული, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, მთლიანობაში 17 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში სხვადასხვა მიმართულებიდან შემოვიდა რუსეთის 78.742 მოქალაქე, ხოლო ქვეყნის საზღვრიდან გავიდა რუსეთის 51.643 მოქალაქე.

„სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში რისკის შემცველი პირების გამოვლენის მიზნით მოქალაქეთა ინსპექტირება/გამოკითხვა და მომატებული რაოდენობის პირობებში სასაზღვრო-გამტარი პუნქტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გადაადგილებისას გარკვეულწილად იწვევს რიგების წარმოქმნას, რაც პარალელურად რეგისტრაციისთვის დროის გაზრდილ მონაკვეთს საჭიროებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე გადის ინსპექტირებას სასაზღვრო-გამტარ პუნქტში, რის შედეგადაც მას ან ეძლევა თანხმობა საქართველოში შემოსვლაზე, ან იღებს უარს და ვერ კვეთს საქართველოს საზღვარს.
საქართველოში რუსეთიდან ათ დღეში 80 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა>>
21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ზემო ლარსთან საქართველოსკენ მიმავალი მანქანების მრავალკილომეტრიანი რიგები დადგა.
ამ ფონზე ქვეყანაში გააქტიურდა ოპოზიციონერების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მოსახლეობის ნაწილის მოწოდებები საქართველოს ხელისუფლებისადმი საზღვრის ჩაკეტვის ან რუსებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ. საქართველოს ხელისუფლება ამას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ რუსების გაზრდილი ნაკადის მიუხედავად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.