თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში უნებართვო გარევაჭრობისთვის სანქციების გამკაცრება იგეგმება.
შესაბამისი შესწორებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების“ კოდექსში უკვე წარედგინა პარლამენტს განსახილველად და დასამტკიცებლად.
ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე იწვევს ფიზიკური და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. თუ იგივე ქმედება დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, იწვევს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
შესწორებები მოქმედ რეგულაციას არ ეხება, თუმცა ცვლილებებით დამატებით განისაზღვრება სანქციები აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის და ასევე აღნიშნული ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენისთვის.
კერძოდ, შესწორებების თანახმად, უნებართვოდ გარე ვაჭრობის განმეორების შემთხვევაში, ფიზიკური ან იურიდიული პირი დაჯარიმდებიან 100-დან 200 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. აღნიშნული ქმედების ჩადენა სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის (შესაბამისი საქონლის) კონფისკაციით.
თუ ამ ბოლო ქმედებას თან ახლავს შესაბამისი ორგანოს ან უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, მაშინ ეს ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 ათასი ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.