თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ებრაელ ხალხს ახალი წელი, როშ ჰაშანა მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ჩვენს ებრაელ ძმებს საქართველოში და მათ, ვინც ისტორიულ სამშობლოში – ისრაელში დაბრუნდით, ებრაელ ხალხს მთელ მსოფლიოში გულითადად გილოცავთ ახალ წელს – როშ ჰაშანას“, - ნათქვამია მილოცვის წერილში.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა უნიკალური ისტორიული მოვლენაა, რომლითაც ორივე ხალხი ამაყობს.
„ებრაული თემის ყოველდღიური შრომა ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლისათვის კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის ძმობას. ვუერთდები თქვენს სადღესასწაულო განწყობას და მშვიდობას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – აღნიშნულია წერილში.
როშ ჰაშანა სამყაროს შექმნის პატივსაცემად აღინიშნება. არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც, როშ ჰაშანას დროს ღმერთი განსჯის ადამიანს გასული წლის ქმედებებისთვის, ჩაწერს ან არ ჩაწერს მის სახელს სიცოცხლის წიგნში და განსაზღვრავს მის ბედს დამდეგი წლისთვის. ამ დღეებში ყოველი ებრაელი ინანიებს მის შეცდომებსა და ცოდვებს.
წყარო - მთავრობის ადმინისტრაცია