თბილისი, 23 სექეტმბერი – Sputnik. ამ ეტაპზე გამოძიებას „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე, გელა ნარსიას გარდა, საქმის სხვა ფიგურანტები არ გამოუვლენია, განაცხადა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორმა დავით ჩხარტიშვილმა ბრიფინგზე.
ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა სამშაბათს, 20 სექტემბერს მოხდა. ხუთშაბათს სასამართლომ ნარსიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი წარედგენა სსკ-ის სამი მუხლით - „ტერორისტული აქტი“, „ტერორისტული მიზნით ადამიანების მძევლად აყვანა“ და „ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება“.
„დღეისათვის არსებული ინფორმაციით, დანაშაულში სხვა პირის მონაწილეობა არ გამოვლენილა“, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.
მისი თქმით, პროკურატურა არ გეგმავს იარაღის ნაწილში საქმის კვალიფიკაციის შეცვლას.
„იარაღის და ასაფეთქებელი ნივთიერებების ექსპერტიზა უკვე ჩატარდა და ამ ნაწილში საქმე არ გადაკვალიფიცირდება“, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე გამოძიებისთვის უცნობია, სად იშოვა ნარსიამ იარაღი. ამასთან, საოლქო პროკურორმა არ გამორიცხა მთლიანობაში საქმის გადაკვალიფიცირება.
„გამოძიება საწყის ეტაპზეა და გამორიცხული არაფერია“, – განაცხადა ჩხარტიშვილმა ჟურნალისტებთან.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნარსიას 10-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
მძევლები და მოთხოვნები
გამოძიების ცნობით, 20 სექტემბერს, 11:15 საათზე სამხედრო უნიფორმით, ნიღბით და ხელთათმანებით შემოსილი პირი, რომელიც იყო შეიარაღებული ხელყუმბარით, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით, დანით, ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ სერვის-ცენტრში შეიჭრა და იქ მყოფი მოქალაქეების შესაშინებლად იარაღი გაისროლა.
მან შენობაში მყოფ მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის მუქარით მისი მითითებების შესრულება მოსთხოვა. ბანკის ცენტრალურ კარებზე იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამაგრა, რომლის მსგავსი ნივთიც ასევე დამაგრებული ჰქონდა სხეულზე.
თავდამსხმელის ბანკში შეჭრისთანავე რამდენიმე ადამიანმა შენობის დატოვება მოახერხა, ხოლო შენობაში დარჩენილი 13 ადამიანი ბრალდებულმა მძევლად აიყვანა. მან მძევლები ძალადობის მუქარით სერვის-ცენტრის ერთ სივრცეში შეკრიბა და მოითხოვა დაკავშირებოდნენ პოლიციას, ბანკის ხელმძღვანელობას, ასევე სოციალური ქსელის გამოყენებით ჩაერთოთ პირდაპირი ეთერი, რათა საზოგადოებას ბანკზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ჰქონოდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირის დამყარების შემდეგ თავდამსხმელმა მოითხოვა 2 მილიონი აშშ დოლარი, ვერტმფრენი, მიკროავტობუსი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა და ანკესი.
მოთხოვნების შეუსრულებლობის და მძევლების გამოსახსნელად სპეცოპერაციის ჩატარების შემთხვევაში ბრალდებული საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა, ნათქვამია საქმის მასალებში.
რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციის ჩართულობით ბანკის შენობიდან ხუთი მძევლის გამოყვანა მოხერხდა, ხოლო 19:36 საათზე სამართალდამცველებმა, გაწეული წინააღმდეგობის მიუხედევად, თავდამსხმელი ბანკის სერვის-ცენტრში დააკავეს, რის შემდეგაც ყველა მძევალი უვნებლად გაათავისუფლეს.