პროკურატურამ „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის დეტალები გაასაჯაროვა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
თავდამსხმელის ბანკში შეჭრისთანავე რამდენიმე პირმა შენობის დატოვება მოახერხა, ხოლო შენობაში დარჩენილი 13 პირი ბრალდებულმა მძევლად აიყვანა.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან მძევლების გათავისუფლების და თავდასხმაში ბრალდებულის გრიგოლ ნარსიას დაკავების სპეცოპერაცია 8 საათი და 21 წუთი გრძელდებოდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.
ხუთშაბათს გრიგოლ ნარსიას საქართველოს პროკურატურამ ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 20 სექტემბერს, 11:15 საათზე სამხედრო უნიფორმით, ნიღბით და ხელთათმანებით შემოსილი პირი, რომელიც იყო შეიარაღებული ხელყუმბარით, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით, დანით, ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ სერვის-ცენტრში შეიჭრა და იქ მყოფი მოქალაქეების შესაშინებლად იარაღი გაისროლა.
მან შენობაში მყოფ მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის მუქარით მისი მითითებების შესრულება მოსთხოვა.
თავდამსხმელის ბანკში შეჭრისთანავე რამდენიმე ადამიანმა შენობის დატოვება მოახერხა, ხოლო შენობაში დარჩენილი 13 ადამიანი ბრალდებულმა მძევლად აიყვანა.

„მან ხელყუმბარის და იარაღის დემონსტრირებით მუქარა განაგრძო, პარალელურად კი ბანკის ცენტრალურ კარებზე იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამაგრა, რომლის მსგავსი ნივთიც ასევე მოთავსებული ჰქონდა სხეულზე, და ბანკის თანამშრომლებისგან თანხის გადაცემა მოითხოვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბრალდებულმა მძევლები ძალადობის მუქარით ბანკის სერვის-ცენტრის ერთ სივრცეში შეკრიბა და მოითხოვა დაკავშირებოდნენ პოლიციას, ბანკის ხელმძღვანელობას, ასევე სოციალური ქსელის გამოყენებით ჩაერთოთ პირდაპირი ეთერი, რათა საზოგადოებას ბანკზე თავდასხმის შესახებ შეეტყო.
„ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირის დამყარების შემდეგ თავდამსხმელმა მოითხოვა მისთვის გადაეცათ 2 მილიონი აშშ დოლარი, ვერტმფრენი, მიკროავტობუსი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა და ანკესი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოთხოვნების შეუსრულებლობის და მძევლების გამოსახსნელად სპეცოპერაციის ჩატარების შემთხვევაში ბრალდებული საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა.
რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციის ჩართულობით ბანკის შენობიდან ხუთი მძევლის გამოყვანა მოხერხდა, ხოლო 19:36 საათზე სამართალდამცველებმა, გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, თავდამსხმელი ბანკის სერვის-ცენტრში დააკავეს, რის შემდეგაც ყველა მძევალი წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად უვნებლად გაათავისუფლეს.
ახლა ნარსიას 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.
ყველა ახალი ამბავი
0