აჭარის ბიუჯეტი ტურიზმის განვითარებაზე შეიძლება 53%-ით გაიზარდოს

მომავალ წელს მთავარი პრიორიტეტი რეგიონის ტურისტული პროდუქტების და მომსახურების განვითარება იქნება.
Sputnik
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვის და ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარების მიმართულებით 2023 წელს 14 მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2019 წელთან შედარებით, უწყების ბიუჯეტი შემდეგ წელს შესაძლოა 53%-ით გაიზარდოს. ბიუჯეტის პროექტის განხილვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროში გაიმართა.
2023 წელს აჭარის ტურისტული პოტენციალის სამიზნე ქვეყნებში პოპულარიზაციისთვის 28%-ით მეტი, 6.375.000 ლარის გამოყოფა იგეგმება. 2019 წელთან შედარებით 77%-ით იზრდება შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისა და რეკლამის ბიუჯეტიც:
სატელევიზიო რეკლამა
ინტერნეტ-რეკლამა
ონლაინ-მარკეტინგი
გარე რეკლამა
რეკლამა ბეჭდური მედიის გამოყენებით
სარეკლამო-საინფორმაციო ტურების ორგანიზება
საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა
სარეკლამო კამპანიებისას ძირითადი აქცენტი ონლაინ რეკლამის გაძლიერებასა და რეიტინგულ მედიასაშუალებებში სატელევიზიო რეკლამაზე გაკეთდება.
შემდეგი წლისთვის აჭარაში სერვისისა და ტურისტული პროდუქტების განვითარება ისევ მთავარ პრიორიტეტად რჩება. 2023 წელს მთიან აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნისა და განვითარების მიმართულებით ბიუჯეტის 165%-ით გაზრდა იგეგმება.
შემოსავლებმა ტურიზმიდან 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა>>
ჯამში 3 მილიონი ლარი დაიხარჯება:
ტურისტული პროდუქტების განვითარებასა და დივერსიფიკაციაზე
მთიანი აჭარის პოპულარიზაციაზე - ინფოტურებზე
სეზონურ ფესტივალებზე
რაც შეეხება რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს, ამ მიმართულებით შემდეგ წელს 692.000 ლარი დაიხარჯება, რაც ბიუჯეტის 134%-იან ზრდას გულისხმობს.