ლევან ვარშალომიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანაზღაურების სახით 56 ათასი ლარი მიიღო, მაგრამ ყველა სხდომა გააცდინა.
Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.
სამშაბათს პარლამენტმა კენჭისყრით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს ლევან ვარშალომიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ივლისის შუა რიცხვებში დეპუტატ ვარშალომიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის თქმით, 2022 წლის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში 26 პლენარული სხდომა ჩატარდა და ვარშალომიძემ 26-ვე გააცდინა.
„ეს ჩვენ ვერ გაგვტეხს“ – ბადრი ჯაფარიძის რეაქცია მანდატის ჩამორთმევაზე >>
რეგლამენტის მეექვსე მუხლის მიხედვით, დეპუტატის უფლებამოსილება იმ შემთხვევაში წყდება, თუ ის სხდომების ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით გააცდენს.
სპიკერის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა ანაზღაურების სახით 56 ათასი ლარი მიიღო, რომელიც პარლამენტისთვის უკან არ დაუბრუნებია.
აღსანიშნავია, რომ ლევან ვარშალომიძეს პარლამენტში ვერცერთი მისი თანაპარტიელი ვერ ჩაანაცვლებს, რადგან ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ცესკომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიები პარტიის თხოვნითვე გააუქმა.
ზაალ უდუმაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა >>
ამგვარად, ვარშალომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში 28 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
შესაბამისად, პარლამენტში დღეისათვის 143 დეპუტატი დარჩა, მათგან 80 მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს