„ეს ჩვენ ვერ გაგვტეხს“ – ბადრი ჯაფარიძის რეაქცია მანდატის ჩამორთმევაზე

© Sputnik / Vladimir Umikashviliბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
გამოწერა
ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მიზეზი სასამართლოს განაჩენია.
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის გადაწყვეტილებას მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ უსამართლო უწოდა.
ჯაფარიძისთვის მანდატის ჩამორთმევის მომხრე იყო 77 დეპუტატი, 37 კი წინააღმდეგი იყო. ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მიზეზი სასამართლოს განაჩენია. ჯაფარიძის გარდა, მანდატები დაკარგა კიდევ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა – „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა და პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
„ეს არის იმის შედეგი, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში: სახელმწიფო არის მიტაცებული, შესაბამისად, გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება, არის უკანონო, უსამართლო და ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო“, – განაცხადა ჯაფარიძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ჯაფარიძე იქნა ცნობილი თაღლითობაში და 7 წლით პატიმრობა შეეფარდა, „საერთოდ სცდება ყველა სამართალს და ყველა პრეცედენტს“.

„ამოცანა იყო ერთადერთი – რეპუტაციის შელახვა და შემდგომ ამის დაგვირგვინება იყო ის, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტაციას გამოეყენებინა ეს სასამართლო გადაწყვეტილება იმისათვის, რომ შეეწყვიტა ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილება. ეს გადაწყვეტილება ჩვენ ვერ გაგვტეხს, პირიქით, ეს ზრდის ჩვენს მოტივაციას იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ სახელმწიფოს გასათავისუფლებლად მიმტაცებელთა ხელიდან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ჯაფარიძე საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლებულია.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე დამნაშავედ არის ცნობილი, მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეიძლება ჩამოერთვას.
ოპოზიციონერი დეპუტატების გარდა, პარლამენტმა მანდატი ჩამოართვა ყოფილ სპიკერს კახა კუჭავას – მისივე განცხადების საფუძველზე. ამ საკითხს მხარი დაუჭირა 78-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 5.
ყველა ახალი ამბავი
0