თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED) არ მიაჩნია, რომ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა მიკერძოებული პოზიციაა, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა პარლამენტში ISFED-ის მიწვევაზე იმ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, რომელსაც საარჩევნო კოდექსში შესწორებების შეტანის საკითხები უნდა განეხილა. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაცია პროცესში ჩართვას შეძლებს მხოლოდ ნეიტრალიტეტის პირობით, ხოლო არასამთავრობოებმა ეს უფლება დაკარგეს, როცა პრემიერისა და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
„გადადგომის მოთხოვნას არ ვთვლით ნამდვილად მიკერძოებად. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში პასუხისმგებლობა აიღოს კონკრეტულმა ადამიანმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. აქ რაიმე არაკონსტიტუციურ მოთხოვნაზე საუბარი არ ყოფილა, არც კონკრეტულად პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საუბარი და არც რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა“, – განაცხადა დოლიძემ.
მან ასევე დაამატა, რომ „სამართლიან არჩევნებს“ არასდროს გამოუთქვამს სურვილი, მონაწილეობა მიეღო ტექნოკრატიული მთავრობის ფორმირებაში, როგორც ამას მმართველი პარტიის ცალკეული წარმომადგენლები აცხადებენ.
უფრო ადრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო ადგილობრივი არჩევნების დროს ISFEED ერთი თვის განმავლობაში მალავდა ხმების პარალელური დათვლის რეალურ შედეგებს. ხოლო პროტესტის ნიშნად სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების გასვლას სამუშაო ჯგუფებიდან, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად პირობების შესრულებაზე მუშაობენ, პაპუაშვილმა „არაჯანსაღი სოლიდარობა“ და „კორპორატივიზმი“ უწოდა.
მანამდე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომელიც ევროკომისიასთან ერთად აკვირდება პირობების შესრულებას, მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ევროკომისიის პირობების შესრულების მიზნით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში, მათ შორის საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა უზრუნველყოს.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში აღნიშნეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთობლივი მუშაობა ასევე წარმოადგენს ევროკომისიის 12 პუნქტიდან ერთ-ერთ პირობას.
ამასთან, აშშ-ის საელჩო გამოესარჩლა არასამთავრობო ორგანიზაციას, ISFED-ის მიერ გაწეულ სამუშაოს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციისთვის უარის თქმა სამუშაო პროცესში მონაწილეობაზე პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციებს.
მმართველი პარტიისთვის საელჩოს განცხადება „შოკისმომგვრელი“ გახდა, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობაა, ამიტომ მათი ჩართვა სამუშაო პროცესში გამორიცხულია.