თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) დაბლოკვა იმ სამუშაო ჯგუფში, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესწორებებს განიხილავს, მმართველი პარტიის მხრიდან არასწორია, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეებიდან“ ლევან იოსელიანმა.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა პარლამენტში ISFED-ის მიწვევაზე იმ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, რომელსაც საარჩევნო კოდექსში შესწორებების შეტანის საკითხები უნდა განეხილა. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაცია პროცესში ჩართვას შეძლებს მხოლოდ ნეიტრალიტეტის პირობით, ხოლო არასამთავრობოებმა ეს უფლება დაკარგეს, როცა პრემიერისა და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. ამის შემდეგ ოთხმა მსხვილმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პროტესტის ნიშნად მმართველი პარტიის ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
„ისფედთან” დაკავშირებული საკითხი მარტივი და ნათელია – ორგანიზაციას, რომელსაც არ გაუკეთებია არცერთი მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო განცხადება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, მგონია, რომ საარჩევნო ჯგუფებში წარმოდგენილი უნდა იყოს... ვფიქრობ, ახლა ასეთი ტიპის ანგარიშსწორების დრო არ არის, როდესაც უფრო დიდი გამოწვევა გვაქვს ქვეყანას წინ, რაც დაკავშირებულია კანდიდატის სტატუსის მიღებასთან“, – განუცხადა იოსელიანმა ჟურნალისტებს.
ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ გაუმართლებელია ორგანიზაციის დაბლოკვა იმის გამო, რომ „ვიღაც რომელიღაც აქციას ესწრებოდა“. მით უფრო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას საარჩევნო საკითხებში ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს, აღნიშნა იოსელიანმა.
„კი, მოუვიდათ შეცდომა 2020 წლის არჩევნებზე, მაგრამ ეს შეცდომა „ისფედმა” აღიარა. მისი ხელმძღვანელი გადადგა“, – დასძინა იოსელიანმა.
უფრო ადრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მაშინ ISFEED ერთი თვის განმავლობაში მალავდა ხმების პარალელური დათვლის რეალურ შედეგებს. პროტესტის ნიშნად სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების გასვლას სამუშაო ჯგუფებიდან, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად პირობების შესრულებაზე მუშაობენ, პაპუაშვილმა „არაჯანსაღი სოლიდარობა“ და „კორპორატივიზმი“ უწოდა.
მანამდე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომელიც ევროკომისიასთან ერთად აკვირდება პირობების შესრულებას, მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ევროკომისიის პირობების შესრულების მიზნით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში, მათ შორის საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა უზრუნველყოს.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში აღნიშნეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთობლივი მუშაობა ასევე წარმოადგენს ევროკომისიის 12 პუნქტიდან ერთ-ერთ პირობას.
ამასთან, აშშ-ის საელჩო გამოესარჩლა არასამთავრობო ორგანიზაციას, ISFED-ის მიერ გაწეულ სამუშაოს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციისთვის უარის თქმა სამუშაო პროცესში მონაწილეობაზე პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციებს.