თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა კვლავ იძებნება, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
ესებუა ნახევარი მილიონი დოლარი გამოსასყიდით პოლიციის თვალთახედვიდან 2020 წლის ოქტომბერში გაქრა.
„ძებნაზეა დასმული და ანუ ვეძებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს გომელაურმა.
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. შეიარაღებული პირი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ბადრი ესებუა, ბანკის შენობაში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.
პოლიციამ დააკავა ძებნილის ძმა ბიძინა ესებუა. ბიძინა ესებუას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.