თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის საბაჟო საკითხებზე სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.
კომისიის სხდომაზე ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის პროექტის ფარგლებში ინფორმაციის საწყისი გაცვლის შესახებ, რაც სატრანზიტო საბაჟო პროცედურების გამარტივებას ემსახურება.
შეთანხმების მიზანია პირველადი მონაცემების ელექტრონული გაცვლა იმ საქონლის საბაჟო პროცედურების გასამარტივებლად, რომელთა ტრანსპორტირებაც ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით ხორციელდება და სამივე ქვეყნის ტერიტორიას გადის.
დოკუმენტი ხელს შეუწყობს ბაქო–თბილისი–ყარსის მეშვეობით ტვირთის უწყვეტი, დროული და ეფექტური გადაზიდვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შესაძლებლობების შექმნას. მის ფარგლებში გამარტივდება საბაჟო პროცედურები და დაჩქარდება საზღვრის გადაკვეთის პროცესები. ეს, საბაჟო კონტროლის ურთიერთშეთანხმებული თანამედროვე მეთოდების წყალობით, დაზოგავს დროს.
შეთანხმება, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია სატრანსპორტო დერეფნის მიმზიდველობის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს ეკონომიკური ოპერატორებისა და პორტების ლოგისტიკური შესაძლებლობების ზრდაზე და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მომავალში სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებაში.