დეპუტატები: აშშ-ის საელჩო საქართველოში რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებას ცდილობს

დეპუტატები, რომლებმაც „ქართული ოცნება“ დატოვეს, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ „მანკიერი პრაქტიკა“ აღკვეთონ.
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. აშშ-ის საელჩოს წერილი სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პარლამენტს ორი დღის წინ გაეგზავნა, მეტყველებს იმაზე, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული, ნათქვამია იმ დეპუტატების განცხადებაში, რომლებმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს.
პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა „ქართული ოცნება“ იმიტომ დატოვეს, რომ თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ისე, რომ პარტია, რომელსაც ბევრ საკითხში უჭერენ მხარს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ. აგვისტოს დასაწყისში მათ ჩამოაყალიბეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“.

„დოკუმენტში სიტყვა „უნდა“ 60-ჯერ არის გამოყენებული, ხოლო საელჩო პარლამენტს „რეკომენდაციას“ კონკრეტულ საკითხებზე მხოლოდ 9-ჯერ უწევს. უკვე ეს ფაქტიც აჩვენებს სრულიად უპატივცემულო და უხეშ დამოკიდებულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ“, – ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.

დეპუტატებმა აშშ-ის საელჩოს წერილი შეაფასეს, როგორც „ინსტრუქცია“, „რაც, სამწუხაროდ, საბჭოთა წარსულს გვახსენებს და შესაბამის მძიმე ასოციაციებს აღძრავს“.
მათი თქმით, ბოლო წლებში დამკვიდრდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან პარლამენტის სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს და მონაწილეობენ კანონშემოქმედებით პროცესში.
„სუვერენულ სახელმწიფოში ასეთი პრაქტიკა სრულიად მიუღებელია, როგორი სტრატეგიულიც არ უნდა იყოს პარტნიორობა ორ სახელმწიფოს შორის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამგვარი პრაქტიკა სამომავლოდ მაინც აღიკვეთოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
დეპუტატების მორიგი წერილი კელი დეგნანს - ამერიკის ელჩი არ ემიჯნება...>>
დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ამჯერად აშშ-ის საელჩო საქართველოს კონსტიტუციაში ხუთი შესწორების შეტანას ითხოვს. ამასთან, საუბარია ნორმების ცვლილებებზე, რომლებიც ვენეციის კომისიამ შეაფასა, როგორც სამართლიანი.
„ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ საელჩოსთვის სახელმწიფოს სტაბილურობის შესუსტება ერთგვარი თვითმიზანია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სამი „ინსტრუქცია“
დეპუტატებმა „საელჩოს ინსტრუქციებს“, განსაკუთრებით სამ მათგანს, აბსურდული უწოდეს. ესენია მოსამართლეთა არჩევისა და დანიშვნისას კვალიფიციური უმრავლესობის წესის გამოყენება, სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევითობა და უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის უვადოდ დანიშვნა.
მდინარაძე: არ დაუსვა კითხვები აშშ-ის ელჩს - ეს მონური ფსიქოლოგიაა>>
დეპუტატების თქმით, საელჩო მოითხოვს, რომ პარლამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არა უბრალო უმრავლესობით, არამედ 3/5-ით აირჩიოს. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეები უნდა დანიშნოს და წარადგინოს ორმაგი უმრავლესობით, ანუ კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს საბჭოს 2/3-მა, რომლებიც არიან მოსამართლეები და ასევე საბჭოს წევრების 2/3-მა, რომლებიც არ არიან მოსამართლეები.

„საელჩოს ინსტრუქციაში შემოთავაზებულ ნორმებს დემოკრატიულ სამყაროში ანალოგი არა აქვს... ამ ინსტრუქციის გათვალისწინების პირობებში ოპოზიცია იღებს სრულ კონტროლს მოსამართლეების არჩევასა და დანიშვნაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ხალხის ძალის“ აზრით, ძალების ასეთი განლაგების შემთხვევაში მოსამართლეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელში აღმოჩნდებიან. დეპუტატების თქმით, ამ პარტიამ ხელისუფლების უზურპაცია 2004 წელს სწორედ სასამართლო სისტემის მითვისებით დაიწყო.
„ყველას გვახსოვს, რომ საელჩოს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდათ სრული ჰარმონია იმ სასამართლო სისტემის გარშემო, რომელიც ავტორიტარიზმის, რეპრესიული მანქანის, ადამიანებზე ზეწოლისა და ბიზნესის რეკეტის ერთ-ერთ უმთავრეს მექანიზმად იყო ქცეული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ომის რიტორიკას არ ემიჯნებით - ქართველი დეპუტატები კელი დეგნანს მიმართავენ>>
რაც შეეხება სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევას, დეპუტატების აზრით, ეს ნიშნავს სასამართლოს სისტემაში პოლიტიკის შეტანას, მოსამართლეებს შორის პერსონალური კონფლიქტების პროვოცირებასა და სისტემის დესტაბილიზაციას. სწორედ ამიტომ განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებს ასეთი ანალოგები არა აქვთ.
„ხალხის ძალის“ წევრების თქმით, აშშ-ის საელჩო უზენაესი სასამართლოს სამი მოქმედი მოსამართლის – ნინო ბაქაქურის, ეკატერინე გასიტაშვილისა და ზურაბ ძლიერიშვილის უვადოდ არჩევას მოითხოვს.
დეპუტატებმა ყურადღება გაამახვილეს ბაქაქურზე, რომელიც, მათი მონაცემებით, ყველაზე არადისციპლინირებული მოსამართლეა – 2017 წლიდან მან 560 საქმე ვადების დარღვევით განიხილა.