საქართველოს მასშტაბით მრავალწლოვანი ბაღების გაშენებაზე 133 მლნ ლარი დაიხარჯა

აგროწარმოების ხელშემწყობი ყველა სახელმწიფო პროექტიდან ყველაზე პოპულარულია „დანერგე მომავალი“, აღნიშნა მინისტრმა
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. იმერეთში, სოფელ პირველ სვირში სახელმწიფო პროგრამით „დანერგე მომავალი“ ახალი კაკლის ბაღი გაშენდა, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
სამთავრობო პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომელიც ქვეყანაში ბაღების გაშენებას უწყობს ხელს, 2015 წლის მარტიდან მოქმედებს. აღნიშნული პროექტი, რომელიც სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ შემადგენელი ნაწილია, სახელმწიფოს მხრიდან ხეხილის ბაღების განახლება-გაშენებისთვის ფერმერების მიერ ნერგების შეძენის დაფინანსებას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, პროგრამით „დანერგე მომავალი“ კაკლის ბაღი ფერმერმა კობა ჭულუხაძემ 9 ჰექტარზე გააშენა; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 48,6 ათასი ლარია.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ახალი კაკლის ბაღი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ დაათვალიერეს.
მინისტრის განცხადებით, აგროწარმოების ხელშემწყობი ყველა სახელმწიფო პროექტიდან ყველაზე პოპულარულია „დანერგე მომავალი“.
„ახალი ბაღები უკვე 17.6 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებულია და ეს ფართობები კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, იზრდება კონკურენტუნარიანი ადგილობრივი პროდუქციის წარმოებაც, რაც იძლევა საშუალებას, მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქტი გაჩნდეს ჩვენს ბაზარზე, გაიზარდოს მეორადი წარმოება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
რა შეღავათებს ჰპირდება დევნილებს სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“ >>
გარდა ამისა, მისი თქმით, დივერსიფიცირებული ბაზრების პირობებში, პროგრამის წარმატებული რეალიზაციის შედეგად კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქტი გადის ექსპორტზე.
იმერეთის რეგიონის მასშტაბით, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 1.2 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. სახელმწიფო თანადაფინანსება 15 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან კაკლოვნები 207 ჰექტარზეა გაშენებული, თანადაფინანსება კი - 863,8 ათასი ლარია.
პროექტის „დანერგე მომავალი“ მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ფოთის გარდა) სასოფლო–სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების მაქსიმალურად ხელშეწყობა მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისა და სანერგე მეურნეობის მოწყობის გზით.
საქართველოს მთავრობა ხეხილის ბაღების გაშენებას მთელი ქვეყნის მასშტაბით დააფინანსებს >>
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 17.6 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. სახელმწიფო თანადაფინანსება 133 მილიონ ლარს აჭარბებს. რაც შეეხება კაკლოვან კულტურებს, ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით 8,455 ჰექტარზეა გაშენებული. თანადაფინანსება 39.2 მლნ ლარს შეადგენს.