თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 41 წლის მამაკაცი დააკავეს.
შემთხვევა დღეს ოზურგეთში მოხდა. 40 წლამდე ასაკის ქალი ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით მოკლა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილ მეუღლეს ბასრი საგნის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ მამაკაცი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა", – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
სამართალდამცვლებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სამ შვილთან ერთად ნაქირავებ კერძო სახლში ცხოვრობდა. მკვლელობის დროს დედასთან ერთად 4 წლის ბავშვი იმყოფებოდა, რომელიც ამ დროისათვის პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი და ფსიქოლოგის და შესაბამისი სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
როგორც მოკლულის ძმა აცხადებს, მისი ყოფილი სიძის მიმართ რამდენჯერმე იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერი, აქედან პოლიციის მხრიდან ბოლო შემაკავებელი ორდერი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გაიცა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.