თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგი საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა

კომპანია წყალტუბოში ახალი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს – „ძველი ივერია“ მშენებლობაში მსხვილ ინვესტიციას განახორციელებს.
Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Demirören Holding-ის თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა. იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
შეხვედრაზე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი განიხილებოდა. მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ყურადღება დაეთმო ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, უძრავი ქონების სექტორში, ენერგეტიკასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.
ცნობილი გახდა, რომ კომპანია წყალტუბოში ახალი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს – „ძველი ივერია“ მშენებლობაში მსხვილ ინვესტიციას განახორციელებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ პოტენციალს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში ინვესტორებისთვის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემოა, დაბალი გადასახადები, ხოლო ქვეყნის უნიკალური ადგილმდებარეობა საქართველოს უცხოელი ინვესტორებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.
Demirören Holding – თურქული ჰოლდინგია, რომელიც 1956 წელს დაფუძნდა. მისი საქმიანობა მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორებიცაა მედია, მშენებლობა, ენერგეტიკა და ტურიზმი.
„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ – პირველი ორი სანატორიუმი პრივატიზებულია >>
სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2019 წელთან შედარებით, 57,2%-ით შემცირდა და 572 მლნ დოლარი შეადგინა. 2021 წელს ინვესტიციების მოცულობა ორჯერ გაიზარდა და 1,2 მლრდ დოლარს მიაღწია.
2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2021 წლის იანვარი-მარტთან შედარებით 4,3-ჯერ გაიზარდა და 568,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.