პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულები სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ.
Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია საქართველოში 22 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
წელს საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები სტუდენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სფეროში 200-ზე მეტ მოთხოვნად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღებენ.

მათ შორისაა ინტეგრირებული პროგრამები, რომლებიც საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს პროფესიის დაუფლებასთან ერთად სთავაზობს სრული ზოგადი განათლების მიღებასაც. აღნიშნული პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულები სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ.

პროფესიული განათლება ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ – ვებ-გვერდზე vet.emis.ge, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
საქართველოში პროფესიული განათლების რეფორმა მიმდინარეობს. განათლების სამინისტრო მიიჩნევს, რომ რეფორმის მომდევნო ეტაპზე მასშტაბები უნდა გაიზარდოს, რათა აქტიური მოსახლეობის უმეტესობამ მიიღოს პროფესიული განათლება და შრომის ბაზარზე დასაქმდეს.
ამ მიზნით დაგეგმილია კერძო და სახელმწიფო პროფესიული დაწესებულებების ქსელის განვითარება, რათა 2032 წლისთვის შესაძლებელი იყოს მაღალი კლასის სხვადასხვა პროფილის 100 ათასი სპეციალისტის მომზადება.
წარმატებით მიმდინარეობს 2020 წელს დამტკიცებული EQAVET (პროფესიული განათლების ევროპული ხარისხის ქსელი) ინდიკატორების შესაბამისი სტანდარტის დანერგვა. 6 წელიწადში ყველა სასწავლებელი ახალი სტანდარტების შესაბამისად იფუნქციონირებს, რაც განამტკიცებს საერთაშორისო კავშირებს და ხელს შეუწყობს ეროვნული კვალიფიკაციების საერთაშორისო დონეზე აღიარებას.
კახეთში გასტრონომიის აკადემია გაიხსნება >>
განათლების სამინისტრო გეგმავს უცხოურ სასწავლებლებთან ერთობლივი პროგრამების წახალისებას, უცხოელი სტუდენტების მოზიდვას, სასწავლებლებში გაჩნდება უცხო ენების ცენტრები. გაცვლით პროგრამებს შესთავაზებენ როგორც სტუდენტებს, ისე მასწავლებლებს.
სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან უცხოელი პედაგოგებიც, რაც ხელს შეუწყობს განათლების საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას. ასევე იგეგმება პროფესიონალი განათლების მასწავლებლის პროფესიის განვითარების ახალი მოდელის დანერგვა.
საქართველომ 2021 წლიდან მართვის ინოვაციური მოდელის დანერგვა შეძლო. კერძო და სახელმწიფო სექტორების პარტნიორობის მეშვეობით დაფუძნდა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელსაც სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება მართავს.
განათლების სამინისტროს ათწლიანი გეგმის თანახმად, პროფგანათლების ბიუჯეტი 2030 წლისთვის 730 მლნ ლარს მიაღწევს.